''იმბეცილი ვიქნებოდი მათგან რომ ვერ მესწავლა'' - რონალდუმ ინგლისური კარიერა გაიხსენა
Aa
Aa

''იმბეცილი ვიქნებოდი მათგან რომ ვერ მესწავლა'' - რონალდუმ ინგლისური კარიერა გაიხსენა

France Football-ის კითხვას თუ როგორ გახდა უმაღლესი დონის ფეხბურთელი სერ ალექს ფერგიუსონთან მუშაობისას, კრიშტიანუ რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცა:''ტვინის გამოყენებით. თუ შენ გაქვს მცირე ინტელექტი, შენ ხედავ და იღებ მაგალითს მათგან, ვინც რაღაცებს შენზე უკეთ აკეთებს. ეს არის, რაც ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გავაკეთე, როცა ''ოლდ ტრაფორდზე'' რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ვან ნისტელროი, როი ფერდინანდი და სხვები თამაშობდნენ. თუ ასეთ გარემოში ყოფნისას ვერ ისწავლი, მაშინ გონებასუსტი, იმბეცილი ხარ.

მიზანი არ არის მიბაძვა, მაგრამ მნიშვნელოვანია მათგან აიღო ის ასპექტები, რომლებიც შენს შესაძლებლობებთან ადაპტირდებიან. ეს არის, რაც გავაკეთე. მქონდა ტალანტი და ვუყურებდი მათ.

სერ ალექს ფერგიუსონმა ბევრი მასწავლა, მასთან მუშაობისას გავაანალიზე, რომ დრიბლინგისა და პასის შესრულების გარდა ბომბარდირობის პოტენციალიც მქონდა. მაშინ დავიწყე ფიქრი ვყოფილიყავი სრულყოფილი ფეხბურთელი ყოველგვარი ნაკლოვანების გარეშე. გოლის გატანა შემიძლია მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხითა და თავით. მე ვარ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი.''

34 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' მატჩის შესახებ ისაუბრა:''ჩვენ ვითამაშეთ მოსკოვის ''ლოკომოტივის'' წინააღმდეგ, იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ფეხბურთის თამაშზე უარი თქვა და საკუთარ საჯარიმოში ''ავტობუსი'' ჩააყენა.''

ასეთ გუნდთან მატჩში გოლის გატანა ყოველთვის ძნელია. ამ მატჩში გოლი ვერ გავიტანე და იმედგაცრუებული ვიყავი. ეს ნორმალურია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

როდესაც გასახდელში შევედი, მოდუნებული ვიყავი. მატჩის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვისადილე. სახლში დილის 4 საათზე მივედი, დაძინებამდე ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი დავლიე. 10 საათამდე მეძინა, შემდეგ კი ვისაუზმე. 11 საათზე სავარჯიშო დარბაზში წავედი. თუ დისციპლინას ყოველდღე არ იცავ, 15 წელი უმაღლეს დონეზე თამაშს ვერ შეძლებ.''

პორტუგალიელი მაგალითს იმ სპორტსმენებისგან იღებს, რომლებმაც წარმატებას 30-დან 40 წლამდე ასაკში მიაღწიეს, მათ შორისაა ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი.

''მე ვსწავლობ ჯორდანისგან და ნებისმიერისგან, რომლებმაც შესანიშნავ წარმატებებს მიაღწიეს, სპორტსმენების გარდა სხვა სფეროში მოღვაწეებსაც ვგულისხმობ. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატებს, რომლებმაც კონკრეტული სფეროს გამოგონებაში, შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ნობელის პრემიის მოგება ჩემთვის ოქროს ბურთის პრიზის მოპოვების მსგავსია. ცოდნა კონკრეტული რამის გამოგონების, შექმნისა თუ განვითარების შესახებ წარმატების მიღწევაში მეხმარება და უკეთესი ვხდები.''

კრიშტიანუ რონალდუ ''მანჩესტერ იუნაიტედში'' 2003-09 წლებში თამაშობდა. ''წითელ ეშმაკებთან'' ერთად ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა (2006-07, 2007-08, 2008-09). საერთო ჯამში ინგლისის ჩემპიონატში 196 მატჩი ჩაატარა, 84 გოლი შეაგდო და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2007-08 წლების სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს იყო რონალდუს პირველი ტრიუმფი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები