10-კაციანი ''რუსთავის'' გამარჯვება: ''ტორპედო'' ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

10-კაციანი ''რუსთავის'' გამარჯვება: ''ტორპედო'' ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ''რუსთავმა'' საკუთარ კედლებში ფინანსურ კრიზისში მყოფ ქუთაისის ''ტორპედოს'' 2:0 მოუგო.

მეორე წუთზე კიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ჩუკვურამ ბექა ქავთარაძის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. ბექა ქავთარაძემ კარისკენ ზუსტად დაარტყა და პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა - 1:0.

42-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა პაატა კიტეიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, რადგან ''რუსთავის'' ფეხბურთელმა სტუმართა სწრაფი შეტევა ჩაშალა. კიტეიშვილმა უხეშად ცოტნე ნადარაიას წინააღმდეგ იმოქმედა.

56-ე წუთზე ''რუსთავის'' მშვენიერი კომბინაციით კიტეიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა შოვნაძესთან ორთაბრძოლისას მინდორზე დაეცა, არბიტრმა სიმულაციის გამო კიტეიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ''ტორპედო'' რიცხვობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა.

83-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გიორგი ლაცაბიძემ იაქტიურა, მან სიჭინავასთან კომბინაცია გაითამაშა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ქუთაისის ''ტორპედომ'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.

კახა ჩხეტიანის გუნდმა 31 აგვისტოს ''ვიტ ჯორჯია'' 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ ჩხეტიანის ფეხბურთელებს გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

ამჟამად ''ტორპედო'' გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. ''რუსთავი'' კვლავ გასავარდნ ზონაშია, 37 ქულით მერვე პოზიციას იკავებს, თუმცა ''ჩიხურასა'' და ''დილას'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ასე რომ სეზონის მიწურულს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს.

თბილისის ''ლოკომოტივმა'' შონიას ერთადერთი გოლით გორის ''დილას'' დაამარცხა, ხოლო ბოლნისის ''სიონმა'' ''სტეფანიაზე'' უშუალო კონკურენტ ''ჩიხურას'' 2:1 მოუგო. პირველი ტაიმი ფანცულაიას გოლით სტუმრება მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ ჯაფიაშვილისა და თარგამაძის გოლებით შალამბერიძის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

ფოტო/ვიდეო: ''რუსთავის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები