ცეცაძე:''მზად ვართ თქვენს კითხვებს ღამის 3 საათზეც ვუპასუხოთ''
Aa
Aa

ცეცაძე:''მზად ვართ თქვენს კითხვებს ღამის 3 საათზეც ვუპასუხოთ''

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ტელეკომპანია ''იმედთან'' მისი გუნდის განვლილი შეხვედრების შესახებ ისაუბრა. ცეცაძემ გიორგი კოხრეიძესთან და ირაკლი ბუღრიძესთან დასმულ კითხვებს უპასუხა.

გია ცეცაძე: ''შვეიცარიის ნაკრებთან მარცხი უარყოფითად უნდა შეფასდეს, თუმცა თამაშიდან გამომდინარე მოგებაც შესაძლებელი იყო.

ფეხბურთი მაყურებლისთვისაა და მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო. ღამის სამ საათზეც რომ გაგვაღვიძონ, მზად ვართ გულშემატკივრების კითხვებს პასუხი გავცეთ.

კოხრეიძესა და ბუღრიძეს თავიანთი ფუნქციები აქვთ. რადგან სასტარტოში ვერ მოხვდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი მზად არიან 1 წამითაც, რომ მიეცეთ შანსი, საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე დაიხარჯონ. მათ გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებში თამაში.

ვალერი ლობანოვსკიმ თქვა, რომ ვინც ფეხბურთს არ უყურებს ცოცხლად, მას ფეხბურთზე საუბრის უფლება არ აქვს. ასე რომ ქომაგებმა ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებზე უნდა იარონ.

შესაძლოა ჩემს მიმართ ამ სიტყვების შემდეგ უარყოფითი ემოციები წამოვიდეს, მაგრამ ეს სიმართლეა. თუ ჩვენ მოედანზე მხოლოდ ''ბარსელონასა'' და ''რეალს'' ველოდებით, ესე არაა, ჩვენ სხვა რეალობაში ვართ.

გაურემონტებელ სახლში რომ ცხოვრობდე, ხომ მაინც შეხვალ და იცხოვრებ. შესაძლოა ცუდი შედარებაა, მაგრამ ქომაგის როლი ძალიან დიდია, მათ ფეხბურთის განვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე უფრო ხშირად უნდა იარონ.''

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა, მესამე ტურში კი სტუმრად შვეიცარიასთან დამარცხდა (2:1).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები