''წითელი ეშმაკების'' დიდი გეგმები:125 მილიონი, ჰავერცი და მიულერი
Aa
Aa

''წითელი ეშმაკების'' დიდი გეგმები:125 მილიონი, ჰავერცი და მიულერი

Mirror-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ''მანჩესტერ იუნაიტედი'' გუნდის შენების პროცესს აგრძელებს. ''წითელი ეშმაკები'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ორი ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან. კლუბის მმართველი ედ ვუდვარდი მზადაა  გუნდის გაძლიერებისთვის 125 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯოს. ვუდვარდის სამიზნე კაი ჰავერცი და ტომას მიულერი არიან.

''მანჩესტერ იუნაიტედის'' საუკეთესო სკაუტები გერმანიაში იმყოფებოდნენ. ისინი ორ შეხვედრას დაესწრნენ, მათ იხილეს ლევერკუზენის ''ბაიერისა'' და ბრემენის ''ვერდერის'' დაპირისპირება, რომელშიც კაი ჰავერციმ მიიღო მონაწილეობა. ინგლისური გრანდის სკაუტებმა ასევე ნახეს მიუნხენის ''ბაიერნისა'' და ''უნიონის'' მატჩი ტომას მიულერის მონაწილეობით.

''მანჩესტერ იუნაიტედს'' ტომას მიულერის შეძენა 2014 წელსაც სურდა, როცა სერ ალექს ფერგიუსონის ერა დასრულდა და ''ევერტონიდან'' წამოსული დევიდ მოიესი ''ოლდ ტრაფოდზე'' ახალი გუნდის შენებას იწყებდა.

მიულერი ნიკო კოვაჩის ფავორიტი ფეხბურთელი ნამდვილად არაა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 30 წლის ფეხბურთელმა 9 მატჩი ჩაატარა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა.

რაც შეეხება კაი ჰავერცის, Mirror-ის ცნობით ''ფარმაცევტები'' 20 წლის ტალანტის სანაცვლოდ 85 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. ასე აფასებენ გერმანული კლუბის ხელმძღვანელები ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტს, რომელზეც გერმანიაში დიდ იმედებს ამყარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები