ტორუპი:''ჩაკვეტაძე მაქსიმუმს აკეთებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება''
Aa
Aa

ტორუპი:''ჩაკვეტაძე მაქსიმუმს აკეთებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება''

''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით 20 წლის ქართველი ტალანტი ფიზიკურ კონდიციებს იუმჯობესებს და სწორ გზაზეა. დანიელი ბელგიურ მედიას ესაუბრა.

იეს ტორუპი:''ჩაკვეტაძე სწორ გზაზეა, თუმცა ჯერ ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის. ვარდნები, დუელები და კარისკენ დარტყმები მისი შემდეგი ნაბიჯია, რაც თანაგუნდელებთან კონკურენციაში შესვლასაც გულისხმობს. არ მინდა ჩაკვეტაძე წნეხის ქვეშ მოვაქციო, მაგრამ რასაც მასთან ვხედავ ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ თუ როგორ მიდის მისი რეაბილიტაციის პროცესი.''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა თითქმის ერთი წელია აწუხებს, თუმცა სკანდინავიელი მწვრთნელის განცხადებით ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს ინარჩუნებს:''თქვენ არ უნდა შეაფასოთ ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ამ კუთხითაც ბევრს მუშაობს, ის თავს კარგად გრძნობს და დაბრუნებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. დარწმუნებული ვარ ჩაკვეტაძე უფრო ძლიერი დაბრუნდება.''

ფეხბურთელი, რომელმაც ''გენტთან'' ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს სავარაუდოდ მიმდინარე წლის მიწურულს დაუბრუნდება.

მუხლის ტრავმის გამო ჩაკვეტაძეს მიმდინარე წლის 21 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ფეხბურთელს ოპერაცია 2 მაისს ანტვერპენში ჩაუტარდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. 

2017 წლის ზაფხულში ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა. მას შემდეგ ბელგიური კლუბის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები