ქართველი მოჭიდავეები რომლებიც თურქ ფალავანს პეტრიაშვილის დასამარცხებლად ავარჯიშებენ
Aa
Aa

ქართველი მოჭიდავეები რომლებიც თურქ ფალავანს პეტრიაშვილის დასამარცხებლად ავარჯიშებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში სპორტსმენთა დეფიციტი აწუხებს.  

დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი - ეს ის მძიმეწონოსნები არიან, რომლებიც არა მარტო საქართველოს ჩემპიონატებზე, არამედ საერთაშორისო შეჯიბრებებზეც სტაბილურად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდნენ.

გენო პეტრიაშვილს სპარინგ-პარტნიორიც არ ჰყავს და დიდი შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად, თავისზე დაბალწონიან თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთან უწევს ვარჯიში.

მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის წინ, სპარინგ-პარტნიორებს შორის ისევ გამოჩნდა გიორგი საკანდელიძე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცხოეთში ჭიდაობდა.

ზემოთ ხსენებული სხვა ძლიერი მძიმეწონოსნებიც ისევ აქტიურად ვარჯიშობენ, მაგრამ... ამით საქართველოს ნაკრები არათუ ხეირობს, პირიქით, ზარალდება.

სომხეთის ნაკრების წევრი ლევან ბერიანიძე, ჭიდაობიდან დისკვალიფიკაციით მოკვეთილი დავით მოძმანაშვილი და საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი მეშვილდიშვილი წლეულს, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას აქტიურად იღებდნენ, ოღონდ... თურქეთის ნაკრებთან ერთად.

სწორედ მათ მოამზადეს პეტრიაშვილის დასამარცხებლად გენოს უმთავრესი კონკურენტი - ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ტაჰა აკგული.

სპორტსმენებს ვერავინ აუკრძალავს ქართული ჭიდაობისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებას.

 ერთადერთი გამოსავალია, თავად მოჭიდავეებმა უპასუხონ უარით თურქულ შეთავაზებებს.

ტოკიო 2020-მდე ცხრა თვეზე ნაკლები რჩება და საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებმაც უკვე მოხაზეს მოსამზადებელი გეგმა.

სავარაუდოდ, თურქთა გეგმაში ისევ შედიან ქართველი მძიმეწონოსნები.

 

ცხელი ამბები