Aa
Aa

MLB-ის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში "ვაშინგტონმა" იმარჯვა

გამთენიისას სტარტი MLB-ის ფინალურმა დაპირისპირებამ აიღო, რომელშიც „ვაშინგტონ ნეიშენალსი“ და „ჰიუსტონ ასტროსი“ მონაწილეობენ. მსოფლიო სერიების პირველი შეხვედრა ტეხასში გაიმართა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰიუსტონის“ პიჩერი ფენომენალურ ფორმაში მყოფი გერიტ კოული გახლდათ, დედაქალაქელებმა ჩინებულად იასპარეზეს, 5-4 მოიგეს და მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩი მასპინძელთა კარნახით დაიწყო. პირველ ინინგში იული გურიელის დარტყმის წყალობით „ასტროსმა“ ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა. „ვაშინგტონმა“ ფინალური სერიის პირველი ქულები მეორე ინინგში, რაიან ციმერმენის ჰოუმ რანის წყალობით აიღო. „ნეიშენალსმა“ მეოთხე ინინგში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეხუთეში ადამ იტონისა და ხუან სოტოს დარტყმებით წინ სამი ქულით გაიჭრა.

ტეხასელებმა თამაშში დაბრუნება სცადეს და ანგარიში მინიმუმამდეც შეამცირეს, თუმცა წონასწორობის აღსადგენად რესურსი აღარ ეყოთ.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:07-ზე  გაიმართება. მატჩს „ჰიუსტონის“ საშინაო არენა უმასპინძლებს და ტეხასელებს სერიაში ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცემათ.

ცხელი ამბები