Aa
Aa

NBA დაბრუნდა! „ტორონტომ“ „ნიუ ორლეანი“ დაამარცხა! ლოს-ანჯელესური დერბი „კლიპერსმა“ მოიგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ოფიციალურად დაბრუნდა! NBA-ის 2019-20 წლების სეზონი „სკოტიაბენკ არენაზე“ გაიხსნა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „ტორონტო რეპტორსი“ და ზაიონ უილიამსონის გარეშე დარჩენილი „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ცერემონია გაიმართა და „ტორონტოს“ კალათბურთელებს საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „რეპტორსისა“ და „პელიკანსის“ შერკინებამ გულშემატკივრების მოლოდინები ნამდვილად გაამართლა.

შეხვედრა ქულა ქულაში წარიმართა და ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა ძირითადი დრო 117-117 დასრულდა და „სკოტიაბენკ არენაზე“ შეკრებილმა ქომაგებმა ოვერტაიმი იხილეს. დამატებით ხუთწუთეულში უკეთ მასპინძლებმა იასპარეზეს და საბოლოოდ 130-122 იმარჯვეს.

„ტორონტოს“ პასკალ სიაკამმა და ფრედ ვენვლიტმა ულიდერეს. კანადელთა გამთამაშებელმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 34 ქულა გაიფორმა, ხოლო სიაკამმა მატჩი 34 ქულით, 18 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ხსენებული დუეტის გარდა 22 ქულით კაილ ლოური გამოირჩა. სათადარიგო სკამიდან შესულმა სერჟ იბაკამ კი 13 ქულა დააგროვა.

დამარცხებულთა რიგებში ბრენდონ ინგრემმა 22 ქულა გაიფორმა. ჯეი ჯეი რედიკმა 16 ქულა ჩააგდო. ჯოშ ჰარტმა კი თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა და 15 ქულასთან ერთად გუნდს 10 მოხსნა შესძინა.

„ტორონტოსა“ და „ნიუ ორლეანის“ შერკინების შემდეგ, ლოს-ანჯელესური დერბის ჯერი დადგა. თბილისის დროით 06:30-ზე კავაი ლეონარდი და კომპანია ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა.

ნომინალური მასპინძლის სტატუსით მოასპარეზე „კლიპერსმა“ პოლ ჯორჯის გარეშე ითამაშა, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოახერხა და 112-102 იმარჯვა.

პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „ლეიკერსის“ სამქულიანი უპირატესობით, 25-22 დასრულდა. მეორე თორმეტწუთეულში აბსოლუტურად განსხვავებული სცენარი და „კლიპერსის“ დომინაცია ვიხილეთ. დოკ რივერსის გუნდმა 40 ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. მეორე ნახევარში „ლეიკერსი“ თამაშში დაბრუნდა და მეოთხე მეოთხედის წინ ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა ბოლო პერიოდი საშინლად ჩაატარა და მხოლოდ 17 ქულას დასჯერდა.

„კლიპერსს“ 30 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ლუ უილიამსმა 21 ქულა ჩააგდო. მონტრეზლ ჰარელი 17 ქულით გამოირჩა, ხოლო გრინი და ჰარკლისი 12 და 10 ქულას დასჯერდნენ.

„ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო დენი გრინი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა გაიფორმა. ენტონი დევისმა ახალი გუნდის მაისურით პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა - 25 ქულა, 10 მოხსნა, ხოლო „მეფემ“ შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები