Aa
Aa

ენდრი უიგინსი ქველმოქმედებას აგრძელებს

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ კალათბურთელი, ენდრიუ უიგინსი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული და კეთილი მიზნებისთვის წელსაც დიდი თანხების გაღებას აპირებს.

კანადელი მსროლელი მცველი შარშან დაწყებულ კამპანიას აგრძელებს და ყოველი მოპოვებული ქულის სანაცვლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებს 22 დოლარს წელსაც გადაურიცხავს. ამის შესახებ უიგინსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„სიამაყით გაცნობებთ, რომ ზედიზედ მეორე წელია არაპრივილეგირებული ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც სხვადასხვა სპორტით დაკავებისას ბარიერებს აწყდებიან, ჩემ მიერ ჩაგდებული ყოველი ქულის სანაცვლოდ 22 დოლარს გადავრიცხავ. ჩვენი მიზანი არის და ყოველთვის იქნება ბავშვებს ბავშვებად ყოფნაში დავეხმაროთ და მათ საშუალება მივცეთ სპორტით დაკავდნენ“.

2018-19 წლების სეზონში უიგინსმა 1321 ქულა ჩააგდო და საქველმოქმედო ფონდებში 29062 დოლარი გადარიცხა. „მინესოტას“ კალათბურთელი დარწმუნებულია, რომ წლეულს უკეთესი სეზონი ექნება და კეთილი მიზნებისთვის უფრო მეტს დახარჯავს. აქვე გეტყვით, რომ უიგინსი და კომპანია ახალ სეზონს 24 ოქტომბერს გახსნის და საკუთარ კედლებში „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები