თბილისური დერბის დრამატული დასასრული ლამაზი გოლით
Aa
Aa

თბილისური დერბის დრამატული დასასრული ლამაზი გოლით

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში თბილისის ''დინამომ'' საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რაც შესაძლოა ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს. 

ჩისკოს ფეხბურთელები ''დინამო არენაზე'' თბილისურ დერბიში ''ლოკომოტივის'' მოთამაშეებთან 0:1 დამარცხდნენ. ლევან კორღალიძის გუნდმა ესპანელს სამწვრთნელო დუელი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე თორნიკე კირკიტაძის გოლით მოუგო. საგოლე გადაცემა დავით ჯიქიამ შეასრულა და კირკიტაძემ ესპანელ პერალესს ბურთი თავზე გადაუგდო.

 

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: პერალესი, მონხილი, კობოური, ზარია, კარიკარი, დაფე, პაპავა, კუტალია, კაპლიენკო, იაშვილი, ნიკა ნინუა (კაპიტანი). მეორე ტაიმში ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა სამი ცვლილება განახორციელა, 61-ე წუთზე კაპლიანკო გავიდა და რუხაია შემოვიდა, ამავე წუთზე დაფე გავიდა და თამაშში გიორგი კუხიანიძე ჩაერთო, ხოლო ზარია მჭედლიძემ შეცვალა.

ზოგადად თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა, მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ და შეტევის ფაზაში სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ. ''დინამოს'' შეტევებთან შედარებით ლევან კორღალიძის გუნდის შეტევები უფრო მწვავე იყო და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურია.

''ლოკომ'' შემდეგი თერთმეტეულით დაიწყო თამაში: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი (თორნიკე კირკიტაძე 76), შონია, გვალია, დავით კირკიტაძე (ჯიქია 90+1), კომახიძე, სიხარულიძე (შეყილაძე 90+5), გაბაძე, უბილავა (კაპიტანი).

ჩისკომ 74-ე წუთზე თამაშში ლევან მჭედლიძე ჩართო, თუმცა ბათუმში გამართული მატჩისგან განსხვავებით ამჯერად ესპანელმა ცვლილება ვერ გამოიცნო და მჭედლიძის მოედანზე გამოსვლას თამაშის სურათი არ შეუცვლია. ჩისკოსგან განსხვავებით ცვლილება კორღალიძემ გამოიცნო და 23 წლის თორნიკე კირკიტაძემ ''დინამოსთან'' გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილს კვლავ თბილისის ''დინამო'' და ბათუმის ''დინამო'' ლიდერობენ, თუმცა აჭარულ კლუბს მიმდინარე ტურის შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს, ხვალ სტუმრად უმაღლესი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ''დილას'' დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გია გეგუჩაძის გუნდი ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

ფოტო: fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები