დიასამიძის ბრწყინვალე გოლი და 16 წლის ასათიანის შესანიშნავი სეივი
Aa
Aa

დიასამიძის ბრწყინვალე გოლი და 16 წლის ასათიანის შესანიშნავი სეივი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის ''ტორპედომ'' წყალტუბოში ''საბურთალოს'' უმასპინძლა. საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ, 48-ე წუთზე  ''ტორპედოს'' ფეხბურთელმა გიორგი აბზიანიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

50-ე წუთზე როლოვიჩი ''ტორპედოს'' საჯარიმოში ალთუნაშვილი აბულაძემ წააქცია, პენალტი კაკუბავამ დაარტყა, თუმცა 16 წლის დავით ასათიანმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და შესანიშნავი სეივით გამოცდილ ფეხბურთელს აუღო.

 ''საბურთალოსთან'' მატჩში კაპიტნის სამკლავური ''ტორპედოს'' 16 წლის მეკარემ, დავით ასათიანმა მოირგო. მან მიმდინარე სეზონში ''საბურთალოსთან'' შეხვედრაში მეორე პენალტი მოიგერია.

მე-60 წუთზე გეგა დიასამიძემ ჯარიმიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 0:2. 27 წლის ნახევარმცველმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში მე-11 გოლი გაიტანა. გოლების რაოდენობის მიხედვით დიასამიძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, 2018 წლის საჩემპიონო სეზონში დიასამიძემ ''საბურთალოსთვის'' 7 გოლი შეაგდო.

 

მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ''ტორპედოს'' პირველი გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს, რის გამოც კახა ჩხეტიანმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

''ტორპედოს'' სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილთაგან 4 ფეხბურთელი 16 წლისაა, 1 ფეხბურთელი 17 წლის, 3 ფეხბურთელი 18 წლის, 1 ფეხბურთელი 19 წლის. მათ გარდა ჩხეტიანმა სასტარტოში 21 წლის ლუკა ფიფია და 22 წლის ნიკა ქორიძე გაამწესა.

''ტორპედოს'' სასტარტო თერთმეტეული: დავით ასათიანი (16 წლის), ოთარ აფრიდონიძე (16 წლის), აკაკი მელაძე (16 წლის), მურთაზ სანებლიძე (17 წლის), გურამ დეისაძე (16 წლის), ლუკა ფიფია (21 წლის), გიორგი აბზიანიძე (18 წლის), მათე აბულაძე (19 წლის), თამაზ შარვაშიძე (18 წლის), ვახტანგ ბოჭორიშვილი (18 წლის), ნიკა ქორიძე (22 წლის).

''ტორპედოს'' სამატჩო განაცხადში სათადარიგოთა სკამზე 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანი მოხვდა, რომელიც 2006 წლის 7 ივლისს დაიბადა. ასევე, სათადარიგოთა სკამზე 15 წლის 3 მოთამაშე იჯდა.

''ტორპედოს'' სათადარიგო შემადგენლობა: სოსო კოპალიანი (13 წლის), სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის), ირაკლი მელქაძე (15 წლის), ლუკა ელბაქიძე (15 წლის), ბექა ღირდალაძე (17 წლის), ლუკა მჟავანაძე (15 წლის), იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის).

76-ე წუთზე თამაშში 15 წლის ლუკა ელბაქიძე ჩაერთო. მის გარდა მეორე ტაიმში მოედანზე 16 წლის სერგი ბაბუნაშვილი და 19 წლის იაკობ მაღლაფერიძე გამოჩნდნენ.

რაც შეეხება ''საბურთალოს,'' გიორგი ჭიაბრიშვილმა სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ომარ მიგინეიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე (მალი 46), დაჩი ცნობილაძე, გეგა დიასამიძე (გიორგი გაბედავა 63), ოგნიენ როლოვიჩი, სანდრო ალთუნაშვილი (გაგი მარგველაშვილი 69), ინტერს გი, ლევან კაკუბავა, თორნიკე გორგიაშვილი

ვიდეო/ფოტო: eliga.ge, ''ტორპედოს'' პრესსამსახური, ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები