ენრიკ გალეგოს საოცარი ისტორია - გზა მშენებლობიდან ლა ლიგამდე
Aa
Aa

ენრიკ გალეგოს საოცარი ისტორია - გზა მშენებლობიდან ლა ლიგამდე

იან რაითის საფეხბურთო აღმასვლის შესახებ ყველას მშვენივრად მოეხსენება. ინგლისელი ფეხბურთელი ახალგაზრდობაში "შავი მუშა" გახლდათ და „კრისტალ პალასის“ რიგებში 23 წლის ასაკში ჩაირიცხა.

რაითის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ თავდაუზოგავ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. მისი კარიერა ბევრი ფეხბურთელის შთაგონების წყარო გახდა. ენრიკ გალეგო ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. ეს უკანასკნელი მშენებლობაზე, ფურგონის მძღოლად და კონდიციონერების მემონტაჟედ მუშაობდა და პარალელურად ესპანეთის რანგით დაბალ დივიზიონებში ნახევრად პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა.

მიუხედავად ამისა, მას დანებება არც უფიქრია და შეუპოვარი ბრძოლით მიზანს მაინც მიაღწია! პროფესიონალურ დონეზე დებიუტიდან 6 თვის შემდეგ, მის სანაცვლოდ „უესკამ“ 1.75 მილიონი ფუნტი გადაიხადა! ხოლო სექტემბერში გალეგომ ევროპა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა! იგი „ხეტაფეს“ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული.

გალეგო "ვარსკლავად" მცირე დროში იქცა და ასეთ აღმასვლას ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა. მან ბავშვობის ოცნება აისრულა და ახლა უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. მართალია ყველაფერი 10 წლის დაგვიანებით მოხდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

***

გალეგო 1986 წელს ბარსელონაში დაიბადა. იგი „კამპ ნოუსთან“ ახლოს მდებარე რაიონში გაიზარდა და როგორც ყველა ბარსელონელი ბავშვი, „ბლაუგრანას“ ლეგენდარულ სტადიონზე თამაშზე ოცნებობდა.

კარიერის სტარტზე იგი ესპანეთის ქვედა დივიზიონებში მოასპარეზე კლუბებში გამოდიოდა. 2009 წელს მან პირველ წარმატებას მიაღწია და „ესპანიოლის“ სარეზერვო გუნდში მოხვდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და „კორნელიაში“ გადაბარგდა. გალეგოს ახალი კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა, მას მოტოციკლის შემკეთებლის სამსახური შესთავაზა. ამის გარდა, იგი მშენებლობაზე მუშაობდა და ფურგონის მძღოლიც გახლდათ. 

მინდორზე ენრიკი მშვენივრად გამოიყურებოდა. 2010-დან 2013 წლამდე ჩატარებულ 100 შეხვედრაში მან 55 გოლი შეაგდო. 2013 წელს კი 27 წლის გალეგო „ბადალონას“ შეუერთდა. მას ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში თავის გამოჩენის შანსი მიეცა. თუმცა ენრიკმა ავანსები ვერ გაამართლა, რის გამოც „ბადალონადან“ „ოლოტს“ მიაშურა, სადაც მისდა სამწუხაროდ ყველაფერი ზუსტად იგივე სცენარით განვითარდა.

„ოლოტიდან“ იგი ისევ „კორნელიაში“ დაბრუნდა, რომლის მაისურითაც 98 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 46-ჯერ აიღო. წარმატებული პერიოდის შემდეგ, გალეგოს გადაბირებით ამბიციური კლუბები დაინტერესდნენ.

2017-18 წლების სეზონის სტარტზე გამართულ 19 შეხვედრაში მან 18 გოლი შეაგდო და მისი შეძენა „ექსტრემადურას“ მოუნდა. „კორნელიას“ მსგავსად ეს გუნდიც სეგუნდა B-ში ასპარეზობდა, თუმცა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის საგზურის მოპოვებაზე გახლდათ ორიენტირებული.

პირველად ცხოვრებაში ენრიკი კატალონიის ფარგლებს გასცდა. მან 1000 კილომეტრი გაიარა და პორტუგალიის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავიდა. გალეგოს ახალი კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ენრიკი მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა და არც შემცდარან. გალეგომ სეზონის მეორე ნახევარში 14 მატჩში 10 ბურთი შეაგდო და თავისი გუნდი ფლეიოფში გაიყვანა, სადაც „ექსტრემადურას“ სეგუნდა დივიზიონის საგზურის მოპოვების შანსი მიეცა.

ენრიკის დახმარებით „ექსტრემადურამ“ მიზანს მიაღწია და ფლეიოფი წარმატებით დასძლია. მეორე დივიზიონში გადასვლის შემდეგ კი გუნდმა თავის მოთამაშეებს პროფესიონალი ფეხბურთელის კონტრაქტი გაუფორმა. 31 წლისა და 11 თვის ასაკში როგორც იქნა გალეგომ მიზანს მიაღწია!

სეგუნდა დივიზიონში მან ჩვეულ სტილში განაგრძო თამაში და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მისი გადაბირებით „ექსტრემადურაზე“ ამბიციური გუნდი დაინტერესდა. „უესკამ“, რომელიც ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, გალეგოს სანაცვლოდ 1.75 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 2019 წლის 19 იანვარს, 32 წლის ასაკში ენრიკმა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. უეცრად გალეგომ აღმოაჩინა, რომ იგი ანტუან გრიზმანის, იან ობლაკისა და დიეგო გოდინის დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობდა და გოლი მათ კარში უნდა გაეტანა.

გალეგომ ლა ლიგაში თავისი ანგარიში ორი შეხვედრის შემდეგ გახსნა. სეზონის ნახევარში მან 5 გოლი გაიფორმა, მაგრამ „უესკა“ უმაღლესი დივიზიონიდან მაინც გავარდა. საბედნიეროდ მათ ენრიკის თან წაყვანა ვერ მოახერხეს...

33 წელს მიახლოებული ფეხბურთელით „ხეტაფე“ დაინტერესდა და მის სანაცვლოდ 5.2 მილიონი ფუნტი გაიღო. მადრიდელთა რიგებში მას 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი ჯერჯერობით არ გამოუჩენია, თუმცა ესპანური ფეხბურთის მოყვარულები მას მაინც უდიდეს პატივს სცემენ. გალეგომ ურთულესი გზა გაიარა და დაამტკიცა, რომ მნიშვნელობა არ აქვს შანსს როდის მიიღებ, მთავარია ის ხელიდან არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები