არველაძე:''ვაისის გუნდი პროგრესირებს და უფრო მაღალ დონეზე თამაშობს''
Aa
Aa

არველაძე:''ვაისის გუნდი პროგრესირებს და უფრო მაღალ დონეზე თამაშობს''

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აზერბაიჯანულ მედიას ესაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი აღნიშნავს, რომ ვაისის გუნდის პროგრესი აშკარაა. შოთა არველაძე Azerisport.com-ს ესაუბრა.

შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში გამოსვლას აფასებს:''ევროშესარჩევში საქართველოს ნაკრებმა ცუდად მხოლოდ დანიასთან გასვლით მატჩში ითამაშა. დანარჩენ შეხვედრებში, მათ შორის დანიასთან საკუთარ მოედანზე, ღირსეულად გამოვედით, ხოლო ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებას ადვილად მივაღწიეთ. თანდათან საქართველოს ნაკრები პროგრესირებს და უფრო მაღალ დონეზე თამაშობს. ვფიქრობ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონს მოიგებს.''

შოთა არველაძემ აზერბაიჯანულ და ქართულ საკლუბო ფეხბურთს შორის პარალელი გაავლო. ამსტერდამის ''აიაქსის'' ყოფილი თავდამსხმელი თვლის, რომ ქართული კლუბების წარუმატებლობა ევროპულ სარბიელზე მწირი ფინანსებით აიხსნება. 

არველაძე აზერბაიჯანულ საკლუბო ფეხბურთზე საუბრობს:''კავკასიაში ''ყარაბაღი'' ერთადერთი გუნდია, რომელიც ყოველ სეზონში ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. ამ შედეგის ჩვენება რუსულ ან უკრაინულ გუნდებსაც უჭირთ. ასე რომ აზერბაიჯანული ფეხბურთი იმდენად მძიმე მდგომარეობაში არაა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ყოველ სეზონში თქვენთან სათამაშოდ მადრიდის ''ატლეტიკოს,'' ''ჩელსისა'' თუ ''არსენალის'' დონის გუნდები ჩამოდიან.

აზერბაიჯანში კარგი ადგილობრივი მწვრთნელია გურბან გურბანოვის სახით. ''ყარაბაღის'' 19 წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა. ამ გუნდიდან რამდენი მოხვდა ''ყარაბაღის'' პირველ გუნდში? ვფიქრობ ყურადღება ამ საკითხს უნდა მიაქციოთ.''

ქართველი სპეციალისტი მოხარულია, რომ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის მატჩები ბაქოში გაიმართება:''თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავალთ, გვახარებს, რომ ევროპირველობის შეხვედრებს ბაქო უმასპინძლებს. ეს ფაქტი მოტივაციას გვაძლევს, რომ ამ დონის შეხვედრების ჩატარება ჩვენც შეგვიძლია.''

მთავარი ფოტო:  შოთა არველაძის Facebook-ის გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები