რა ელის ბითაძეს სადებიუტო მატჩის შემდეგ?
Aa
Aa

რა ელის ბითაძეს სადებიუტო მატჩის შემდეგ? "NBA-სთან შეგუებას დრო სჭირდება"

გოგა ბითაძის დებიუტი იდეალური არ ყოფილა და სრულყოფილებისგან ძალიან შორს იყო, თუმცა მისი გამოსვლა პრაქტიკულად ისეთივე აღმაფრთოვანებელი გახლდათ, როგორი აღფრთოვანებითაც 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის თამაშს ნეით მაკმილანი უცქერდა. „ინდიანას“ თავკაცს იმედი აქვს, რომ გოგა მთელი სეზონის განმავლობაში ჯანმრთელად იქნება და პროგრესის გზაზე ივლის.

მაკმილანმა „ტიმბერვულვზთან“ გამართული მატჩის წინ განაცხადა: „არ მინდა ბითაძე რაიმე სახის წნეხის ქვეშ მოვაქციო. მისგან მხოლოდ პარკეტზე გასვლასა და თამაშს ვითხოვ. მან უნდა შეიგრძნოს NBA-ში ასპარეზობა რას ნიშნავს და ამას დრო დასჭირდება. წარმოდგენა არ გვაქვს მისგან რას მივიღებთ. ყველამ იცის, რომ გოგა ნიჭიერი კალათბურთელია, მაგრამ NBA-ში პირველ სეზონს ატარებს და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ჩვენ მას სათამაშო დრო და განვითარების საშუალება უნდა მივცეთ“.

„პეისერსის“ როტაციაზე და ბითაძის თანაგუნდელებზე საუბრისას მაკმილანმა აღნიშნა, რომ სათამაშო დრო გარანტირებული არავის აქვს და ყველაფერი წინ გახლავთ. უდავოა, რომ ქართველს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, რაც პარკეტზე შესვლისთანავე გამოჩნდა. გოგამ პირველ შეტევაში ედმონდ სამნერთან პიკ ენდ როლი გაითამაშა. „პეისერსის“ კალათბურთელმა მას პასი მისცა, თუმცა გოგამ ბურთი დაკარგა. ბითაძეს თავის გუნდში ყველაზე მეტი, 6 დაკარგვა ჰქონდა და რამდენიმე მომენტში ვერ გაანალიზა, რომ კარლ-ენტონი თაუნსს შორეული დისტანციიდან სროლა კარგად გამოსდის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ, როცა გოგა პარკეტზე იყო, „პეისერსი“ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ჩვეული გეგმით ვერ ასპარეზობდა.

„გოგამ ყველა კომბინაცია ჯერ კიდევ არ იცის, ამიტომ მინესოტასთან მატჩში შეზღუდულები ვიყავით. როგორც კი სეზონი დაიწყება, ვნახავთ გოგა მზად იქნება თუ არა. თუ ბითაძეს პრობლემები შეექმნება, სხვა მაღლები გვყავს, რომლებსაც თამაში შეუძლიათ. გარანტირებული არავის არაფერი აქვს. თუ კალათბურთელი სათამაშოდ მზად იქნება და დავრწმუნდებით, რომ მას გუნდისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, პარკეტზე აუცილებლად შევუშვებთ“.

„გოგა ახალგაზრდა ბიჭია და ვხედავთ, რომ მას პოტენციალი აქვს. ბითაძე თამაშის შანსს აუცილებლად მიიღებს და იმედია დაგვეხმარება“ - აღნიშნავს მაკმილანი.

მიუხედავად ამისა, „მინესოტასთან“ მატჩში, რომლის შედეგსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არცერთი გუნდისთვის ჰქონდა, მაკმილანმა შანსი გამოიყენა და მეორე ნახევრის სტარტზე გოგა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ჩვენებური კარლ-ენტონი თაუნსს დაუპირისპირდა.

მაკმილანმა თაუნსის წინააღმდეგ ბითაძე დიდხანს არ ათამაშა, თუმცა გოგამ დაგვანახა, რომ დიდი პოტენციალი აქვს. ქართველმა მხოლოდ ერთი დაფარება მიითვალა, მაგრამ რამდენიმე სროლა შეცვალა. სწორედ ამის გამო, მაკმილანი ბითაძეს მაილს ტერნერს ადარებს.

ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, გოგა ზურგით კარგად თამაშობდა და სამწამიანში შესვლა არ უჭირდა. ბითაძე  პიკ ენდ როლისას მშვენივრად გამოიყურებოდა და მეორე ნახევარში ორი სამქულიანიც ჩააგდო.

ქართველმა მატჩი 14 ქულით დაასრულა. მან 9-დან 6 სროლა გამოიყენა და დაგ მაკდერმოტთან ერთად, თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ბითაძეს დაცვაში მოსამატებელი აქვს, მაგრამ „მინესოტასთან“ მატჩში, კარლ-ენტონი თაუნსის წინააღმდეგ გოგამ დაამტკიცა, რომ დაცვაში ძლიერ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია.

„თუ გოგას ყველა ვარსკლავის მატჩის მონაწილის მეურვეობა შეუძლია, მაშინ NBA-ში მოასპარეზე ბევრი ცენტრის წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშებს. ჩემი აზრით მან ბევრი რამ ისწავლა. გოგას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ვფიქრობ პირველი შეხვედრის კვალობაზე დიდებულად ითამაშა“ - განაცხადა ბითაძეს თანაგუნდელმა, მაილს ტერნერმა.

რა იქნება მომავალში? სეზონის დაწყებამდე გოგა გუნდთან ერთად ივარჯიშებს და „მინესოტასთან“ მატჩის ჩანაწერის გასაანალიზებლადაც საკმარისი დრო ექნება. 24 ოქტომბერს კი „ინდიანა“ 2019-20 წლების სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს და საკუთარ კედლებში „დეტროიტს“ შეერკინება. ბითაძეს მანამდე შანსი იქნება ფიზიკური კონდიციები გაიუმჯობესოს და მაკმილანის კომბინაციები უკეთ შეისწავლოს. ამასთან ერთად ქართველი განსხვავებულ მაღლებთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს - თუ რა თქმა უნდა ტესტის ჩაბარება სურს!

მაკმილანი: „ანდრე დრამონდი და ბლეიკ გრიფინი განსხვავებული სტილის კალათბურთელები არიან. დრამონდი სამწამიანში შესვლაზე და მოხსნებზეა ორიენტირებული. გრიფინი კი როგორც სამწამიანში, ასევე მის გარეთაც ბრწყინვალედ თამაშობს. წუთები, რომლებსაც გოგა მიიღებს მის განვითარებაზე იქნება მიმართული“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები