26 ოქტომბერს „ელ კლასიკო“ შესაძლოა „კამპ ნოუს“ ნაცვლად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართოს
Aa
Aa

26 ოქტომბერს „ელ კლასიკო“ შესაძლოა „კამპ ნოუს“ ნაცვლად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართოს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ შესაძლოა 26 ოქტომბერს „ელ კლასიკოს“ „კამპ ნოუს“ ნაცვლად „სანტიაგო ბერნაბეუმ“ უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით ლა ლიგის წარმომადგენლები კლუბებს უკვე დაუკავშირდნენ და დიდი შანსია უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარების ადგილი შეიცვალოს.

როგორც მოგეხსენებათ კატალონიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

AS-ის ცნობით 26 ოქტომბერს ბარსელონაში მასშტაბური აქცია იგეგმება და ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოში პრობლემების თავიდან არიდება სურთ.

ამ თემასთან დაკავშირებით ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვენ ტურნირის მმართველ კომიტეტს დავუკავშირდით და უჩვეულო მიზეზებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, ელ კლასიკოს მადრიდში გადატანა მოვითხოვეთ“.

MARCA-ს მიხედვით თავდაპირველად ზინედინ ზიდანის გუნდს ბარსელონაში ერთი ღამე უნდა გაეტარებინა, თუმცა ლა ლიგაში შიშობენ, რომ კატალონიელი მოსახლეობა მათ პოტენციურ სამიზნედ აღიქვამს და არის შანსი „რეალის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოს რისკებზე წასვლა არ სურს და "ელ კლასიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართვაზე გახლავთ ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები