Aa
Aa
16 ოქტომბერი 2019  |  10:11

არის ყველა დროის რეკორდი! - მანჩინიმ ლეგენდარული ვიტორიო პოცოს შედეგი გაიმეორა!

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებთან ერთად ზედიზედ მე-9 შეხვედრა მოიგო, რაც „სკუადრა აძურას“ ყველა დროის უგრძეს გამარჯვებათა სერიის გამეორებაა.

1938-39 წლებში ასევე 9 თამაშის მიჯრით მოგება ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ფორმაციის ნაკრებმა შეძლო. პოცო აპენინებზე ყველაზე წარმატებულ სპეციალისტად ითვლება, მან „აძურას“ მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ - 1934 და 1938 წლებში მოაგებინა.

„სკუადრა აძურას“ ამჟამინდელ დამრიგებელს ყველა დროის რეკორდის ამყარების შანსი ნოემბერში ექნება, როცა მისი გუნდი მომდევნო შეხვედრაში სტუმრად ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მანჩინის ბიჭებმა გუშინ ლიხტენშტეინის უსუსტეს ნაკრებს 5:0 აჯობა და შესარჩევი ციკლის 8 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს. აპენინელთაგან გოლები ბერნარდესკიმ, რომანიოლიმ და ელ შაარავიმ შეაგდეს, დუბლი კი ანდრეა ბელოტიმ მიითვალა.

გუშინდელ მატჩში იტალიელთა ტალანტის, 19 წლის სანდრო ტონალის დებიუტი შედგა, რომელმაც 74-ე წუთზე ბერნარდესკი შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა. „აძურამ“ დიდ ფორუმზე თამაშის უფლება ყველაზე ადრეულად სწორედ მანჩინის ხელმძღვანელობით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები