Aa
Aa

გამარჯვება 5-გოლიან და მოულოდნელად დაძაბულ მატჩში - ვაისის გუნდს სადავეები გაექცა

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში გიბრალტარის ეროვნული ნაკრები შინ საქართველოსთან 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი გიბრალტარის ნაკრებმა 0:2 წააგო, ხოლო მეორე ტაიმი გიბრალტარის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მიმდინარე შესარჩევ ციკლში მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გიბრალტარის ნაკრებმა გოლები მხოლოდ საქართველოს გაუტანა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩში დებიუტი 23 წლის გიორგი ხარაიშვილმა გოლით აღნიშნა, მე-10 წუთზე ლევან შენგელიას ბრწყინვალე გადაცემა ''გიოტებორგის'' ლიდერმა გამოიყენა, ბურთი კარგად მიიღო და რბილი დარტყმით ანგარიში გახსნა. 

 

21-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში 0:2 გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე ევროშესარჩევში პირველი გოლი შეაგდო.

 

მე-60 წუთზე ვლადიმირ ვაისმა იძულებითი ცვლილება განახორციელა, ხარაიშვილი მეტოქესთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და კიტეიშვილმა შეცვალა.

მეორე ტაიმში გიბრალტარის ნაკრებმა მატჩის სურათი შეცვალა, 8-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ლორიას კარში 2 გოლი შეაგდეს, 66-ე წუთზე  38 წლის ლი კასარომ ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა.

 

ვაისმა მეორე ცვლილება 68-ე წუთზე გააკეთა, ელგუჯა ლობჯანიძე გავიდა და თამაშში გიორგი ქვილითაია ჩაერთო. 74-ე წუთზე 36 წლის როი ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა!

 

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება გიორგი ქვილითაიამ მოუტანა, რომელმაც 84-ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემით ისარგებლა და ვლადიმირ ვაისის გუნდმა 3 ქულა გაჭირვებით მოიპოვა!

ვაისის მიერ განხორციელებული მესამე ცვლილება მესამე დამატებულ წუთზე დაფიქსირა, სასტარტოში მოთამაშე ნავალოვსკი სოლომონ კვერკველიამ შეცვალა.

7 ტურში საქართველოს ნაკრებმა 8 ქულა მოაგროვა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს. 

 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები