საქართველომ ხორვატიას სძლია! ჯგუფური ეტაპის ბრწყინვალე დასასრული!
Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  23:37

საქართველომ ხორვატიას სძლია! ჯგუფური ეტაპის ბრწყინვალე დასასრული!

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულა. უნგრეთთან და ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატიას 2:0 მოუგო.

მე-8 წუთზე ანატოლი მესიაჩენკოს გადაცემით ''საბურთალოს'' ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 23-ე წუთზე ყაზანის ''რუბინის'' შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ქართველთა უპირატესობა გაზარდა.

პირველ ტურში უნგრეთთან გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის არ უთამაშია, რადგან უნგრელებთან დაპირისპირებისას მცირე ტრავმა მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა მისი მოედანზე გასვლისგან თავი შეიკავა.

სამ ტურში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 9 გოლი გაიტანა, 3 გოლი გაუშვა და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდი ელიტ-რაუნდში ითამაშებს. ელიტ-რაუნდის მატჩები 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

იოსიპ შიმუნიჩი

ხორვატიის ნაკრების 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იოსიპ შიმუნიჩია, რომელსაც ხორვატიის ეროვნულ გუნდში 105 მატჩი აქვს ჩატარებული. მას გერმანიის ბუნდესლიგაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული, ამპლუით მცველი იცავდა ''ჰამბურგის,'' ''ჰერტასა'' და ''ჰოფენჰაიმის'' ღირსებას. საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 271 მატჩი ჩაატარა.

2006--07 წლების სეზონის უეფას თასზე შიმუნიჩმა ''ჰერტას'' მაისურით ''ამერის'' წინააღმდეგ ითამაშა. თბილისში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან მეორე გოლი ზურიკო დავითაშვილის მამამ, სულიკო დავითაშვილმა შეაგდო. შიმუნიჩმა ორივე შეხვედრაში დავითაშვილის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები