რას უპირებს „ბარსელონა“ კოუტინიოს?
Aa
Aa

რას უპირებს „ბარსელონა“ კოუტინიოს?

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა ფილიპე კოუტინიოს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელთან მიმართებით „ბარსელონას“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დღესდღეობით კატალონიელთა გეგმა ასეთი გახლავთ - „კამპ ნოუს“ ბინადრებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ „კოუ“ „ბლაუგრანას“ მაისურს აღარასდროს მოირგებს. ბრაზილიელი შემტევი ამჟამად იჯარის წესით „ბაიერნში“ იმყოფება. „ბარსამ“ მისი გასხვისება ზაფხულში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კოუტინიომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

კოუტინიომ ბუნდესლიგაში კარგი სტარტი აიღო და იყო მოსაზრება, რომ იგი „კამპ ნოუზე“ დაბრუნდებოდა, თუმცა კატალონიელები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. მათ საკუთარ რიგებში "კოუს" ხილვა არ სურთ.

„ბარსას“ გერმანულ გრანდთან კარგი ურთიერთობა აქვს და თუ „რეკორდმაისტერი“ კოუტინიოს შეძენით დაინტერესდება, „ბლაუგრანა“ მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს. თანაც „ბაიერნს“ ბრაზილიელის კონტრაქტის გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია და როგორც AS იტყობინება, „ბარსელონას“ კოუტინიოს გასხვისება იმდენად უნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თანახმაა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და ეს პუნქტი განიხილოს.

ბუნდესლიგაში ათამაშებულ „კოუზე“ „ბარსელონას“ გული არ სწყდება. პირიქით! „კამპ ნოუზე“ უხარიათ ბრაზილიელი ფორმაში რომ შედის, რადგან სეზონის ბოლოს მის სანაცვლოდ უფრო სარფიან წინადადებას მიიღებენ. და თუ „რეკორდმაისტერმა“ კოუტინიოს კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი თქვა, მისი საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერ ლიგის კლუბებს მოუნდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები