ლებრონი დერილ მორის აკრიტიკებს:
Aa
Aa

ლებრონი დერილ მორის აკრიტიკებს: "არ მინდა მას დავუპირისპირდე, მაგრამ"...

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკლავი, ლებრონ ჯეიმსი „ჰიუსტონ როქეთსის“ გენერალური მენეჯერის, დარილ მორის „ტვიტს“ გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ მორიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჰონგ-კონგელების მხარდაჭერა გამოუცხადა.

მორის პოსტის გამო NBA-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა, ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ამერიკაში სიტყვის თავისუფლებაა და ის საკუთარი აზრის დაფიქსირებას ვერავის აუკრძალავს. მიუხედავად ამისა "მეფე" "ჰიუსტონ როქეთსის" გენერალურ მენეჯერს მაინც აკრიტიკებს.

„არ მინდა დერილ მორის დავუპირისპირდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია არ ჰქონდა. მისი პოსტის გამო ბევრი ადამიანი არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად დაზარალდა. ასე რომ აუცილებელია პოსტების გამოქვეყნებისას და საუბრისას ფრთხილად ვიყოთ. მართალია ჩვენ სიტყვის თავისუფლება გვაქვს, მაგრამ ამასთან ერთად ის ნეგატივიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც შესაძლოა ჩვენს ფრაზებს მოჰყვეს“.

„ჩემი აზრით მორის ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, ან მას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. წარმოდგენა არ მაქვს რეალურად რა მოხდა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია“.

მოგვიანებით ლებრონმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დააზუსტა თუ რა იგულისხმა.

„მიმაჩნია, რომ პოსტის გამოქვეყნებისას შედეგი, რომელიც შესაძლოა მას მოჰყოლოდა, საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. ხალხი უნდა მიხვდეს პოსტს ან განცხადებას სხვებზე რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია. დარწმუნებული ვარ არავის უფიქრია მორის პოსტს რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა“.

ზემოთ ხსენებული გამოსვლის შემდეგ ჯეიმსი ბევრმა გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ „მეფემ“ ასეთი პოზიცია ფინანსური სარგებლის გამო დაიკავა და კალათბურთელი, რომელიც საკუთარ თავს „უფრო მეტი ვიდრე სპორტსმენი“-ს უწოდებს ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები