Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  10:22

კაზემიროს ტყუილი ანუ როგორ გახდა ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კაზემირო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. 27 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს, თუმცა როგორც ირკვევა ბავშვობაში ნათქვამი ტყუილი რომ არა, დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ესპანური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში კაზემირომ წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ საყრდენ ნახევარმცველად თამაში შემთხვევით დაიწყო.

„როცა სან პაულუში სინჯებზე მივედი, ამპლუით ფორვარდი ვიყავი. ჩემი ასაკისთვის ძალიან მაღალი და ძლიერი გახლდით და თავით ბევრი გოლი გამქონდა. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. სინჯებზე ჩემ გარდა დაახლოებით 300 ფეხბურთელი იყო და კლუბი მხოლოდ 50 მოთამაშის დატოვებას გეგმავდა. კარგად მახსოვს მომენტი, როცა მწვრთნელმა გვკითხა რამდენი ჩვენგანი გახლდათ გოლკიპერი და ხელი მხოლოდ სამმა ბავშვმა ასწია. შემდეგ ფორვარდებზე გადავიდა და ხელი 40-მა თუ უფრო მეტმა ბავშვმა ასწია. იმ მომენტში საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თავდასხმაში დიდი კონკურენცია იყო და ამიტომ ფორვარდობაზე უარი ვთქვი. თავდამსხმელების შემდეგ ჰავბეკების ჯერი დადგა და ზუსტად იგივე მოხდა. ბოლოს კი მწვრთნელმა იკითხა: „არიან თუ არა აქ ჩამშლელი ნახევარმცველები“. დავინახე, რომ ხელი 7 თუ 8 ბავშვმა ასწია და საკუთარ თავს ვუთხარი - „კარგი, ჩამშლელი ნახევარმცველი ვიქნები“.

„სინჯების მიმდინარეობისას ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ვასპარეზობდი. ერთხელ ჩემთან მწვრთნელი მოვიდა და მითხრა: „შენ ჩამშლელი ნახევარმცველი არ ხარ. შენ აქ ფორვარდის ამპლუით მოხვედი“. რა თქმა უნდა ყველაფერი უარვყავი და დაჟინებით განვაცხადე, რომ ჩემი მოწოდება ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში გახლდათ. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები