Aa
Aa

რასიზმი, ნაცისტური მისალმებები და ორჯერ შეწყვეტილი მატჩი

გუშინ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. გარეტ საუთგეიტის კოლექტივმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქე 6-0 გაანადგურა.

„სამი ლომის“ ფენომენალური გამოსვლის მიუხედავად, ბულგარეთში გამართული შერკინება საფეხბურთო სამყაროს განხილვის საგანი აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო გახდა. საქმე ადგილობრივ გულშემატკივრებსა და მათ ქმედებებს ეხება. შეხვედრის მიმდინარეობისას ისინი ნაცისტურ მისალმებებს იყენებდნენ და რასისტულ შეძახილებს სკანდირებდნენ, რის გამოც პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. მაშინ, როცა „სამი ლომის“ შავკანიანი ფეხბურთელები ბურთს მიიღებდნენ ვასილ ლევსკის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე შეკრებილი ქომაგები უსტვენდნენ და მაიმუნის მსგავს ხმებს გამოსცემდნენ, რასაც დროგამოშვებით ნაცისტური მისალმებებიც ემატებოდა.

UEFA-ს წარმომადგენლების მიხედვით შესვენებაზე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ თუ რასისტული შინაარსის შეურაცხყოფებს მეორე ნახევარშიც მიიღებდნენ, მოედანს დატოვებდნენ. საბედნიეროდ საუთგეიტის გუნდი გასახდელისკენ ნაადრევად არ გაემართა და ბულგარელი ქომაგების ამაზრზენ ქმედებებს ფენომენალური გამოსვლით უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების კაპიტანმა, იველინ პოპოვმა გულშემატკივრების დაშოშმინება სცადა. აქვე დავძენთ, რომ შეხვედრის შემდეგ ბულგარელთა თავკაცმა, კრასიმირ ბელაკოვმა განაცხადა, რომ მას რასისტული შეძახილები არ გაუგონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები