Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  10:12

ბითაძე მზადაა! გოგას დებიუტი "მინესოტასთან" შედგება

„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან“ მატჩში ყველაფერი შეიცვლება. რამდენიმე საათის წინ Pacers.com-ზე მარკ მონთიზმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გვაუწყებს, რომ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი „ინდიანას“ მაისურით სადებიუტო შეხვედრას გამართავს.

ჯერჯერობით უცნობია „ტიმბერვულვზთან“ ჯახში გოგა რამდენ წუთს ითამაშებს, თუმცა მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

ბითაძემ რთული პერიოდი გამოიარა. მას ჯერ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, შემდეგ კი კოჭი დაიზიანა. ქართველმა ცენტრმა საჭირო გამოცდილება ვერ მიიღო და „ინდიანას“ თავკაცი, ნეით მაკმილანი თვლის, რომ ამან გოგა უკან დახია.

20 წლის კალათბურთელმა ვარჯიშებზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა, თუმცა მაკმილანი მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად ბითაძეს NBA-სთან შეგუება სჭირდება.

„ყველაფერი იცვლება, როცა NBA-ში მოასპარეზე სწრაფი და ძლიერი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშს ეჩვევი. მართალია გოგა ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს ოფიციალურ შეხვედრებში უცნობი მეტოქეების პირისპირ თამაშისგან ძალიან განსხვავდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები