ქველმოქმედებაში აქტიურად ჩართული ფეხბურთელები
Aa
Aa

ქველმოქმედებაში აქტიურად ჩართული ფეხბურთელები

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკლავები ხელფასის სახით უზარმაზარ თანხებს იღებენ, რომლებსაც უძრავი და მოძრავი ქონების შესაძენად ხარჯავენ. საბედნიეროდ მათთვის სუპერქარები, ძვირადღირებული საათები და სასახლეები ყველაფერი არაა. ისინი ქველმოქმედებას აქტიურად ეწევიან და საკუთარ ფინანსებსა და რაც მთავარია დროს კეთილი მიზნებისთვის იყენებენ.

ვილფრიდ ზაჰა

ზაჰას Best of Africa 2019-ის დაჯილდოებაზე გადასცეს ჯილდო, რომელსაც ფეხბურთთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო. "კრისტალ პალასის" შემტევს ქველმოქმედება დაუფასეს. როგორც ირკვევა ზაჰა კარიერის დაწყებიდან დღემდე ყოველთვიურად ხელფასის სახით მიღებული თანხის 10 პროცენტს სამშობლოში მოღვაწე საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს.

"პირველი ხელფასიდან დღემდე სამშობლოში 10 პროცენტს ვუგზავნი მათ, ვისაც არაფერი აქვთ, არ გაუმართლათ და არავინ ჰყავთ".

"ჩემს დას ობოლთა თავშესაფარი აქვს გახსნილი, რომელზეც მე ვზრუნავ. ძალიან მიხარია ხალხს ყოველდღიურად რომ ვეხმარები".

ხუან მატა

ხუან მატა ქველმოქმედებისთვის მხოლოდ საკუთარი ფინანსების გაღებაზე არ შეჩერებულა. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა მის ინიციატივას საფეხბურთო სამყაროს მაქსიმალურად ბევრი წარმომადგენელი შეუერთდეს.

2017 წელს მატამ ორგანიზაცია "საერთო მიზანი" დაარსა. ხუანმა ფეხბურთელები და მწვრთნელები (ჯამში 122) დაიყოლია და ისინი თავიანთი ხელფასის (ყოველთვიური ხელფასის) 1 პროცენტს მატას ორგანიზაციას ურიცხავენ. ფინანსების მიღების შემდეგ, "საერთო მიზანი" ფულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას უნაწილებს.

ექტორ ბელერინი

"არსენალის" უკანახაზელი, ექტორ ბელერინი 2017 წლის ივნისში გრენფელის კოშკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარა. ესპანელმა პირობა დადო, რომ 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები ყოველი 1 წუთის სანაცვლოდ ქველმოქმედებისთვის 50 ფუნტს გაიღებდა.

ბელერინმა მუნდიალზე 381 წუთი ითამაშა და კეთილი მიზნებისთვის 19050 ფუნტი გადარიცხა.

ჯერმეინ დეფო

ჯერმეინ დეფოს ქველმოქმედებაზე დიდი თანხები აქვს დახარჯული. "რეინჯერსის" თავდამსხმელმა 2013 წელს თავისივე სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც ბავშვებს ეხმარება.

"სანდერლენდში" ყოფნისას კი დეფომ ფეხბურთის მოყვარულთა გულები დაიპყრო... ჯერმეინი ახალგაზრდა ბიჭს, ბრედლი ლოურის შეხვდა, რომელიც სიმსივნეს იშვიათ ფორმას, ნეირობლასტომას ებრძოდა. დეფო ბრედლის საუკეთესო მეგობარს ეძახდა და თანაგუნდელებთან ერთად საავადმყოფოში ხშირად სტუმრობდა. ლოური "სანდერლენდის" თილისმა გახდა და ერთხელ ინგლისის ნაკრებსაც გაუძღვა. სამწუხაროდ იგი მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა...

მესუთ იოზილი

მესუთ იოზილი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. მუნდიალის დაწყებამდე იოზილმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი 11 ბრაზილიელი ბავშვის ოპერაცია დააფინანსა. ტურნირის დასრულების შემდეგ კი გადაწყვიტა 11-ის ნაცვლად 23 ბავშვს დახმარებოდა. მესუთმა ჯამში 237000 ფუნტი დახარჯა. ეს დაახლოებით ის რაოდენობაა, რაც იოზილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბონუსის სახით მიიღო.

მოჰამედ სალაჰი

ზაჰას მსგავსად სალაჰი ქველმოქმედებას რეგულარულად ეწევა. BBC-ის ინფორმაციით მოჰამედი მშობლიურ სოფელში 450 ოჯახს ფინანსურად ეხმარება. რამდენიმე წლის წინ კი ეგვიპტელი ექს-ფეხბურთელების დასახმარებლად 23000 ფუნტი გამოყო.

2017 წელს სალაჰმა ეგვიპტის მთავრობას 234000 ფუნტი გადაურიცხა, ხოლო ამ ზაფხულს, ტერორისტების მიერ კაიროში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ეგვიპტის ონკოლოგიურ ინსტიტუტს 2.5 მილიონი ფუნტი გადასცა.

პლუს ამას სალაჰი მხოლოდ ფინანსურ მხარით არ შემოიფარგლება. ორი წლის წინ იგი ნარკოტიკების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში ჩაერთო, რის შემდეგაც სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე 400 პროცენტით მეტმა ადამიანმა დარეკა.

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენია, რომელიც ქველმოქმედებისთვის დიდ თანხებს ხარჯავს. 2013 წელს იგი უეფას წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა და ბონუსად 89000 ფუნტი მიიღო, რომელიც "წითელ ჯვარს" გადაურიცხა.

ერთი წლის შემდეგ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კრიშტიანუმ 450000 ფუნტის ოდენობის ბონუსი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა.

2005 წელს მან ინდონეზიის მიწისძვრის შედეგების ამსახველ ვიდეოში 7 წლის ბავშვი იხილა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების 7 ნომრიანი მაისური ეცვა. ფულის მიცემის ნაცვლად, რონალდუ ინდონეზიაში ჩავიდა და ბავშვს შეხვდა.

კრიშტიანუ Save the Children, Unicef და World Vision-ის საპატიო ელჩია. "იუვეს" სუპერვარსკლავი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული და შანსს ხელიდან თითქმის არასდროს უშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები