Sport: სუარესის შემცვლელი -
Aa
Aa

Sport: სუარესის შემცვლელი - "ბარსელონა" მალენის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირებული.

შარშან კატალონიელები ლუკა იოვიჩს აკვირდებოდნენ, თუმცა სერბმა ფეხბურთელმა კარიერა "ბარსას" მოსისხლე მტრის, "რეალის" რიგებში გააგრძელა. Sport-ის ცნობით წლეულს "ბარსელონას" ინტერესის ობიექტი დონიელ მალენი გახლავთ. პსვ-ს 20 წლის ფეხბურთელი 2019-20 წლების სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და ჯერჯერობით ჰოლანდიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

მალენმა მიმდინარე სეზონში "ვიტესს" ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაუტანა

 

მალენს ზაფხულში ბევრი შეთავაზება ექნება და Sport-ის მიხედვით მის შეძენას "ბარსელონაც" აქტიურად განიხილავს. თანაც "ბლაუგრანას" წარმომადგენლები მას ძალიან კარგად იცნობენ. კატალონიური გამოცემის ინფორმაციით სეზონის სტარტზე "ბარსას" სკაუტები პსვ-ს შეხვედრებს ესწრებოდნენ და 20 წლის თავდამსხმელს აკვირდებოდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მალენი "ბლაუგრანას" სტილს იდეალურად მოერგება.

"ბარსელონაში" იციან, რომ პსვ მალენს იოლად არ შეელევა. "კამპ ნოუზე" მზად არიან დიდი ფინანსური რესურსი გაიღონ, მაგრამ ასტრონომიული თანხების გადახდას არ აპირებენ, ჰოლანდიელი ახალგაზრდას აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელიც ტრანსფერებისას აუქციონების მოწყობითაა ცნობილი, თუმცა "ბარსელონას" მესვეურებს მიაჩნიათ, რომ რაიოლა მთავარი დაბრკოლება არ იქნება, რადგან მალენის "კამპ ნოუზე" გადასვლის პერსპექტივა მასაც ხიბლავს.

მალენი "აიაქსის" სკოლის აღზრდილია, სადაც ის 2007-2015 წლებში ირიცხებოდა. ამის შემდეგ 2015-2017 წლებში ჰოლანდიელი "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, საბოლოოდ კი პსვ-ში ამოჰყო თავი, სადაც 1 წლის შემდეგ პირველი გუნდის წევრი გახდა.

პსვ-ს რიგებში მალენის ანგარიშზე 64 შეხვედრაში 24 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ნაკრებს, დონიელს "ნარინჯისფრებში" სულ 3-ჯერ უხმეს, მან 1 გოლის გატანა უკვე მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები