Aa
Aa

შერმადინს ვერ აჩერებენ! 19 ქულა, ზედიზედ მეორე მატჩში MVP და გამარჯვება!

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ACB ლიგის მე-4 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მე-2 გამარჯვება მოიპოვა - 90:78.

გამარჯვებაში ტრადიციულად უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც პარკეტზე 25:47 წუთი დაჰყო. ამ დროში შერმადინის მონაგარი 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (23) ქართველი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და შეხვედრის MVP-ის წოდებაც სწორედ მას მიენიჭა!

ასევე აღსანიშნავია, რომ შერმადინის წინააღმდეგ მეტოქე 5-ჯერ დაჯარიმდა, თავად გიორგის ანგარიშზე კი 3 ფოლი იყო.

უკვე ზედიზედ მეორე ტურია ქართველი ცენტრი შეხვედრის MVP-ის წოდებას იმსახურებს. შერმადინი ბრწყინვალე ფორმაშია და ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს - წელს საშუალოდ მისი მონაგარი 18.3 ქულაა.

მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტით (25) შერმადინი ლიგაში მხოლოდ „ბარსელონას“ ვარსკვლავს ნიკოლა მიროტიჩს (26.67) ჩამორჩება, რომელიც კატალონიელებს NBA-დან მიმდინარე სეზონის წინ შუერთდა.

4 ტურის შემდეგ შერმადინის „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურის შეხვედრას გუნდი 20 ოქტომბერს სტუმრად „მანრეას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები