სუსტი დაცვა, არაბიძის ეფექტური გოლი და დასანანი მარცხი
Aa
Aa

სუსტი დაცვა, არაბიძის ეფექტური გოლი და დასანანი მარცხი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველად დამარცხდა. გია ცეცაძის გუნდმა ვინტერტურში შვეიცარიის ნაკრებთან სამი ქულა დაკარგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი შვეიცარიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენეს და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

57-ე წუთზე ''აუგსბურგის'' შემტევმა რუბენ ვარგასმა მასპინძლები დააწინაურა, საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა და ვარგასმა შანსი გამოიყენა.

ზოგადად გია ცეცაძის გუნდში ყველაზე სუსტი რგოლი დაცვის ხაზი იყო, რომელიც ორივე გაშვებული გოლისას შეცდა. მეორე ტაიმში ერთ ეპიზოდში ბერიაშვილმა საკუთარ საჯარიმოში თავდამსხმელის მოტყუება გადაწყვიტა და ბურთი დაკარგა, თუმცა სტუმრებს გაუმართლათ და აშკარა გოლს გადაურჩნენ.

მეორე მხრივ სამი ცენტრალური მცველიდან ლუკა ლოჩოშვილს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ხოლო ბერიაშვილი საქართველოს რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ კობოურს აქვს. მათ გაცილებით მაღალ დონეზე მოთამაშები ფეხბურთელების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, რომ არაფერი ვთქვათ ''აუგბურგის'' შემტევ ვარგასზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში გაიტანა გოლები, შვეიცარიელთა სხვა შემტევები მშობლიური ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშობენ და ქართველებთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე ასპარეზობენ.ასე რომ გამოცდილების მიღების თვალსაზრისით ეს მატჩი ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და სწავლა მხოლოდ ასეთ მატჩებშია შესაძლებელი.

გაშვებული გოლიდან ოთხ წუთში გიორგი არაბიძემ ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

როცა ანგარიში 1:1 იყო ვატო არველაძემ არაბიძის მისამართით ბრწყინვალე გადაცემა შეასრულა, თუმცა არაბიძეს მეკარემ დაასწრო და ვითარება განმუხტა.

83-ე წუთზე მვულა ლოტომბამ სტუმართა საჯარიმოში ლოჩოშვილს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა. ''იანგ ბოიზის'' შემტევი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, მან ნოა ოკაფორი შეცვალა, რომელმაც ასევე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მეორე გოლის გაშვებისას საქართველოს ნაკრები 10 ფეხბურთელით თამაშობდა, რადგან დაზიანების გამო ნიკა მალიმ მოედანი დატოვა, თუმცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ცვლილების განხორციელება დააგვიანეს და მატჩის დასკვნით წუთებში სტუმრები ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდნენ.

მატჩის მიწურულს ცვლილებაზე გამოსულ ნუგზარ სპანდერაშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, კარისკენ ძალიან ეფექტურად ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით კარს აცდა და გამარჯვება შვეიცარიელებს დარჩათ.

ცალკე განხილვის საკითხია ცეცაძის მიერ განხორციელებული ცვლილებები. მან პირველი ცვლილება 75-ე წუთზე განახორციელა, ქავთარაძე გავიდა, სპანდერაშვილი შემოვიდა, ''დილას'' შემტევი თამაშში კარგად ჩაერთო და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა ვერ გაიტანა. ცეცაძემ კიდევ სამი ცვლილება განახორციელა, თუმცა სამივე მოთამაშე თამაშში 86-ე ჩართო. მათ მცირე დროში თამაშში ცვლილებების შეტანა ვერ მოახერხეს.

მთელი მატჩის განმავლობაში ნათელი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს შეტევების სწრაფად განვითარება უჭირდა თუ არ ჩავთვლით ნიკა მალის აქტიურ თამაშს, რომელმაც ბრწყინვალედ იმოქმედა და სპანდერაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. საჭირო იყო სწრაფი გარემარბის გამოყვანა, რომელიც ართმევაზეც აქტიურია და შეტევების გამწვავებაც კარგად გამოსდის. ცეცაძეს რომ კოხრეიძისთვის მეტი დრო დაეთმო, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს შეტევების ჩაშლისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდათ.

ცეცაძის გუნდმა ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ შვეიცარიასთან ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს სტუმრად საფრანგეთთან გამართავს. შეხვედრა 15 ნოემბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები