მილტონ ჰეიგი:
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი: "ბიჭებით ძალიან ვამაყობ! ისინი თავს მამაცურად იცავდნენ"

დღეს საქართველოს ნაკრებმა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ბორჯღალოსნები“ ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მრისხანე მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს.

„ვოლაბებს“ ქულების დაგროვება მთელი შეხვედრის განმავლობაში უჭირდათ და ჩვენი მორაგბეების გასატეხად 75 წუთი დასჭირდათ!

როგორც მოგეხსენებათ მილტონ ჰეიგისთვის ავსტრალიასთან ჯახი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული ბოლო მატჩი გახლდათ. შეხვედრის შემდეგ ახალ ზელანდიელი სპეციალისტი მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

„გვინდოდა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში თავი კარგად წარმოგვეჩინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა როგორც ხალხი და როგორც მორაგბეები რას წარმოვადგენთ. ბიჭებით ძალიან ვამაყობ. ისინი 75 წუთის განმავლობაში მედგრად იდგნენ. ორი აზრი არაა, რომ ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია. ჩემი აზრით დღეს თავს მამაცურად ვიცავდით და ვფიქრობ საქართველო ჩვენი გამოსვლით ამაყობს“.

ჰეიგს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდის შეფასებაც სთხოვეს: "ეს კითხვა სხვას უნდა დაუსვათ, რადგან მე ოდნავ მიკერძოებული ვარ. საერთო ჯამში ჩვენ აღმასვლები და დაღმასვლები გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თავის ღირსეულად წარმოჩენაა. ზოგჯერ ამას ვახერხებდით, ზოგჯერ ვერა. თუმცა დღეს ბიჭებს ვერაფერში დავადანაშაულებ. ისინი თავს მამაცურად იცავდნენ და უფრო მეტის მოთხოვნა შეუძლებელია".

ცხელი ამბები