ვაისი:''იმედი მაქვს პირველს შევაგდებთ და ისტორიას შევცვლით''
Aa
Aa

ვაისი:''იმედი მაქვს პირველს შევაგდებთ და ისტორიას შევცვლით''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები ''დინამო არენაზე'' ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ირლანდიელთა გუნდი ორიგინალურად დაახასიათა:''ირლანდიის ნაკრები ისეთივე ფენომენალური ენერგიით თამაშობს, როგორც მაიკლ ფლეტლის ცეკვისას იგრძნობა. მეტოქის თამაში ფლეტლის ცეკვას მაგონებს. საქართველოშიც კარგი მოცეკვავეები არიან, თუმცა ფლეტლი განსაკუთრებულია.

მეტოქის სიძლიერის მიუხედავად ხვალ გამარჯვებითვის ვითამაშებთ. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და გამარჯვება რთული იქნება, თუმცა ჩვენ გვჭირდება მენტალური განვითარება, რომ დავამარცხოთ უძლიერესი გუნდები.

ჩემი გუნდის ფეხბურთელები თამაშისთვის მზად არიან. სამწუხაროა, რომ გიორგი ქვილითაიას მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ხვალ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ისინი კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, თუმცა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარეც.

უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც დანიასთან, მაგრამ შეტევაში უფრო მეტი თავდაჯერებით თამაში გვმართებს. იმედი მაქვს პირველს ჩვენ შევაგდებთ და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ირლანდიას პირველად დავამარცხებთ. ირლანდიელებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ვეცდებით ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე წარმატებას მივაღწიოთ.

ირლანდიის ნაკრების შეჩერება ადვილი არ იქნება, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს ირლანდიასთან წარმატების მისაღწევად საკმარისი მოტივაცია აქვთ.

100 პროცენტით თამაში საკმარისი არ იქნება, 120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.''

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტი სფფ-ის ხელმძღვანელებს წლის ბოლოს შეხვდება და მომავლის შესახებ ისაუბრებს. ვაისს ფედერაციასთან კონტრაქტი 2020 წლის მარტამდე აკავშირებს.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება 12 ოქტომბერს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. დუბლინში გამართული მატჩი მაკარტის გუნდმა მიმდინარე წლის მარტში 1:0 მოიგო.

ფოტო: Seb Daly/Sportsfile

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები