იაპონიის გრან პრის კვალიფიკაცია რბოლამდე 4 საათით ადრე ჩატარდება
Aa
Aa

იაპონიის გრან პრის კვალიფიკაცია რბოლამდე 4 საათით ადრე ჩატარდება

იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება, რის გამოც „სუზუკას“ ტრასის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ კვალიფიკაცია, ცუდი ამინდის გამო, რბოლის დილამდე უნდა გადაიდოს.

თუ კვირა დილით კვალიფიკაციის ჩატარება სახიფათო იქნება, პარასკევის მეორე პრაქტიკა გადაწყვეტს, პელეტონში ვინ რომელ პოზიციას დაიკავებს.

პრაქტიკაზე ვალტერი ბოტასმა, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ლუის ჰემილტონს 73 ქულით ჩამორჩება, თანაგუნდელს 0.1 წამით გაასწრო. მესამე ადგილი "რედ ბულის" მრბოლელმა, მაქს ფერსტაპენმა დაიკავა.  

„ფერარის“ პილოტებმა, შარლ ლეკლერმა და სებასტიან ფეტელმა პრაქტიკის ბოლოს საბურავები გამოცვალეს და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი დროის გაუმჯობესება შეძლეს, მაინც მეოთხე და მეხუთე ადგილებზე აღმოჩნდნენ.

ზაფხულის შესვენების შემდეგ, „ფერარი“ ძალიან კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ამ პრაქტიკაზე „მერსედესმა“ თავისი დომინირება დაიბრუნა. გუნდი ამ ტრასაზე 2014 წლიდან დაუმარცხებელია. კვირას გასამართი რბოლის  წარმატებით დასრულების შემთხვევაში ეს „სუზუკაზე“ „მერსედესის“ ზედიზედ მეექვსე  გამარჯვება იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოტასმა ბრიტანელ თანაგუნდელს პრაქტიკის ორივე სესიაზე აჯობა. ბოლო მოსახვევში ფინელ პილოტს ბოლიდი მოუცურდა, მაგრამ პოზიციის შენარჩუნება მაინც შეძლო.

ჰემილტონს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტული გაიფორმოს, სჭირდება, რომ მომდევნო ორ რბოლაზე, „სუზუკაზე“ და მეხიკოში ბოტასს ხუთი ქულით გაასწროს. 

თუ „მერსედესის“ გუნდი „სუზუკაზე“ „ფერარიზე“ 15 ქულით მეტს მოაგროვებს, მაშინ კონსტრუქტორების თასს ზედიზედ მეექვსედ მოიგებს. ვინაიდან „ვერცხლისფერი ისრის“ პილოტებმა პრაქტიკაზე 1-2 ადგილი დაიკავეს, ეს სულაც არ იქნება მოულოდნელი.

ფერსტაპენს „სუზუკაზე“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რაც გასაკვირი არცაა, რადგან „რედ ბულს“ იაპონური მწარმოებლის „ჰონდას“ ძრავა აქვს. მაქსი ბოტასს +0.281 წამით ჩამორჩა.

ჰოლანდიელის თანაგუნდელმა, ალექს ალბონმა „მაკლარენის“ კარლოს საინსს გაუსწრო და მეექვსე ადგილი დაიკავა. ბრიტანელი თინეიჯერი ლანდო ნორისი მეათე პოზიციაზე აღმოჩნდა.

პარასკევს დილით „ფორმულა 1-ის ფედერაციამ“ განაცხადა, რომ მოსალოდნელი ტაიფუნის გამო „სუზუკას“ ტრასა შაბათს დაკეტილი იქნება: "მოსალოდნელი ტაიფუნის გამო „მობილითილენდმა“ და „იაპონიის საავტომობილო ფედერაციამ” (JAF) გადაწყვიტეს,  შაბათს, 12 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდეს.  FIA მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც მაყურებლების, მონაწილეებისა და ყველას უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული“.

ცხელი ამბები