Aa
Aa

გაზიდისი: "მილანის“ ტიფოზებს ვპირდები, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება“

იტალიური „მილანის“ აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი, პრესას კლუბში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა. გაზიდისმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ ამერიკული კომპანია „როსონერის“ ჩაიბარებდა, კლუბი გაკოტრებასთან ახლოს იყო.

კლუბი რთულ გზას ადგას და მოთმინება გვმართებს. კვლავ ვუშვებთ შეცდომებს, თუმცა მოტივირებულები ვართ, „მილანი“ სათანადო სიმაღლეზე დავაბრუნოთ.

ჩვენ ჩავიბარეთ კლუბი, რომელიც გაკოტრების რისკისა და სერია B-ში გავარდნის საფრთხის წინაშე იყო, როგორც ეს „პარმასა“ და „ფიორენტინას“ დაემართათ. აღმოვაჩინეთ ვალები, რომელთა გამოც გარკვეულ სათასო ტურნირებზე თამაშზე უარის თქმა მოგვიწია. უდავოა, რომ სერიოზული სირთულეები გამოვიარეთ.

მალდინის, ბობანსა და რიკი მასარას ჩემთან ინტენსიური კონტაქტი აქვთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რა არის დასახული მიზნებისთვის ბრძოლა. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ.

გვსურს, რომ „მილანი“ იტალიისა და ევროპის მასშტაბით კვლავ ჩვეულ დონეზე დავაბრუნოთ და ჩვენს ამბიციურ გეგმებს ვაგრძელებთ, რაზეც სტადიონის მშენებლობაც მეტყველებს. არენის საერთო სამუშაოები 1.2 მილიარდი ევრო დაჯდება.

ზაფხულში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი გავჩარხეთ, რომელთა დადებით მხარეებსაც ფანები მალე დაინახავენ. ეს გარიგებები უფრო ინვესტიციებად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელები შევიძინეთ, ჩვენს ახალ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კი თითოეულ მათგანთან კარგად მუშაობა და მათი განვითარება შეუძლია. პიოლი გამოცდილი სპეციალისტია და მასთან ერთად დასაწყებ თავგადასავალს ოპტიმიზმით ვუყურებ.

ბევრი რამის თქმა ჯერ კიდევ არ შემიძლია, თუმცა „მილანის“ ტიფოზებს მინდა დავპირდე, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება“.

„შავ-წითლებმა“ ახალი მთავარი მწვრთნელ საზოგადოებას გუშინ წარუდგინეს. პიოლისთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მისი დებიუტი კი 20 ოქტომბერს, „სან სიროზე“ გასამართ „ლეჩესთან“ მატჩისას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები