Aa
Aa

კუმანი: "დე ლიხტმა იტალიური სკოლისგან დაცვაში თამაში უნდა ისწავლოს"

ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, მატიის დე ლიხტის შესახებ პრესას ესაუბრა. 56 წლის სპეციალისტის თქმით, მისმა უმცროსმა თანამემამულემ იტალიური სკოლისგან დაცვაში თამაში უნდა ისწავლოს.

ყოველთვის იმ ფეხბურთელების ადვოკატი ვიყავი, რომლებიც ახალ გუნდსა და ქვეყანაში გადადიან, რადგან ეს არც ისე მარტივი პროცესია და ადაპტაციისთვის გარკვეული დროა საჭირო.

დე ლიხტი ახალ დაცვით თამაშს უნდა შეეგუოს და მას ალღო აუღოს. იტალიაში დაცვაში განსხვავებულად მოქმედებენ და ეს სტილი ჰოლანდიური დაცვისგან კარდინალურად განსხვავდება. ამას შეგვიძლია, იტალიური სკოლაც ვუწოდოთ.

თვით ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ მაურიციო სარის ზონალური დაცვის ტიპთან შესაგუებლად დრო დასჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ალეგრის ფორმაციის გუნდში არაერთი სეზონის თამაში მოუწია. დე ლიხტს ნამდვილად კარგი ასაკი აქვს, ისე კი, უცნაური იქნებოდა, მას არაფრის სწავლა რომ არ დასჭირვებოდა.

წინა სანაკრებო პაუზამდე მას ასევე ბევრს აკრიტიკებდნენ, თუმცა ნაკრებში მშვენივრად ითამაშა და, ვფიქრობ, „ნარინჯისფერთა“ რიგებში მისთვის ძალიან კარგი გარემოა. შესაბამისად, მგონია, რომ იგი ადაპტაციას ნელ-ნელა „იუვეშიც“ გაივლის და როგორც ჩვენს ნაკრებში, ასევე ამ კლუბში, ძალიან მაღალ დონეს შეუძლია მიაღწიოს“.

სერია A-ს გასულ ტურში „ინტერთან“ გამართული მატჩისას დე ლიხტის უყურადღებო თამაშის შემდეგ „იუვეს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.

აპენინელი ჟურნალისტების ვარაუდით, მაურიციო სარიმ, წონაში მომატების გამო, ახალგაზრდა უკანახაზელს სპეციალური დიეტა დაუნიშნა. მათ ამის შესახებ თავად დე ლიხტს ჰკითხეს, რაზეც ფეხბურთელს მხოლოდ გაეცინა.

20 წლის ჰოლანდიელმა მცველმა „იუვეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში უკვე 7 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები