ქეცბაიას გუნდის მორიგი გამარჯვება: ''ანორთოსისი'' გალიდერდა
Aa
Aa

ქეცბაიას გუნდის მორიგი გამარჯვება: ''ანორთოსისი'' გალიდერდა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' შინ ''აპოლონი'' 3:1 დაამარცხა.

 ''ანორთოსისმა'' პირველი ტაიმი რუბენ რაიოს დუბლით მოიგო. ტაიმის მიწურულს ესპანელის მეორე გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა. მესამე გოლიც რაიოს აქტიურობას მოჰყვა, რომლის შესრულებული კუთხურის შემდეგ გეორგიოს გალიციოსმა ანგარიში სამამდე გაზარდა.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს სერჟ გაკპემ შეაგდო, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთისა ლიგა 1-სა და იტალიის სერია ა-ში აქვს გატარებული.

''ანორთოსისის'' სასტარტო შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშეს. 66-ე წუთზე თამაშში ბუბა დაუშვილი ჩაერთო. 73-ე წუთზე მოედანზე ნიკა კაჭარავა გამოვიდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.

4 ტურის შემდეგ ''ანორთოსისმა'' 3 მოგებითა და 1 ფრით 10 ქულა მოაგროვა და ''ომონიასთან'' ერთად პირველ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები