Aa
Aa

ნაგელსმანი: "გუარდიოლას სტილით შთაგონებული ვარ"

გამოცემა France Football-მა „ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი 32 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო შთაგონებას ეხებოდა.

ნაგელსმანი ამბობს, რომ მისთვის მაგალითი პეპ გუარდიოლა და მისი სათამაშო სტილია, გარდა ამისა, ახალგაზრდა გერმანელი იმ მიდგომებითაც აღფრთოვანებულია, რომელთაც პეპი საკუთარ ფეხბურთელებთან ურთიერთობისას იყენებს.

„ჩემი სათამაშო მოდელი გუარდიოლას „ბარსელონასგანაა“ შთაგონებული. პეპის მუშაობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი, განსაკუთრებით ვაკვირდებოდი, თუ როგორ სწრაფად რეაგირებდა გუნდი ბურთის დაკარგვაზე და მის დასაბრუნებლად მუშაობას იწყებდა.

მან „ბარსაში“ საკუთარი სათამაშო ნიშანი შექმნა, რომელიც იოჰან კრუიფის ღირებულებებზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი ტოტალური ბურთის ფლობითა და მაღლა აწეული სათამაშო მანერით ხასიათდება.

თამამად ვიტყვი, რომ გუარდიოლამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისევე როგორც ტომას ტუხელმა, რომელიც „აუგსბურგის“ მეორე გუნდში ჩემი მწვრთნელი იყო.

ტომასი ძალიან მომთხოვნი ადამიანია, რომელიც შანსს არ გიტოვებს, რომ ისე არ მოიქცე, როგორც საჭიროა. ის პერფექციონისტია. რასაც მან პსჟ-სთან ერთად მიაღწია, დასაფასებელია. გზა, რომლითაც იგი ნეიმარს წვრთნის, შთამბეჭდავია. ზოგადად, პსჟ-ს გაწვრთნა ადვილი საქმე არაა“.

ნაგელსმანი გერმანულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ სპეციალისტად ითვლება. მან სამწვრთნელო საქმიანობა 29 წლის ასაკში „ჰოფენჰაიმში“ დაიწყო, ამჟამად კი „ლაიფციგთან“ ერთად ამბიციური პროექტის ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები