მწვერვალზე უკვე ზიდანურად... და ორი დიდი კაცი...
Aa
Aa

მწვერვალზე უკვე ზიდანურად... და ორი დიდი კაცი...

„რეალმა“ კიდევ ერთი, მე-11 „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო. საიუბილეო რიცხვი... ფეხბურთში 11-ზე უფრო სიმბოლური, შეიძლება მხოლოდ „ათიანი“ იყოს... თუმცა „ათიანზე“ ქვემოთ...

ვიღაცა დავობს, ვიღაცა მსაჯს აბრალებს, ვიღაცა უსამართლობას უმხედრდება, მაგრამ რა... ისტორიაში ტიტული იწერება, იქ მეორეების ადგილი არაა...

აკი თქვა ნაფინალევს დიეგო სიმეონემ, რამდენიმე წელიწადში ჩვენი კარგი თამაში და „თითქმის“ ჩემპიონობა აღარავის ემახსოვრებაო...

წარმატება იმასთან მიდის, ვინც უფრო ძლიერია. მასაც, ისევე როგორც ქალს, სუსტები არ უყვარს...

„ზიზუ“ მოვიდა. ცუდი დრო იყო, გუნდს საკუთარი თამაშის ჩვენება, პოტენციალის გამოვლენა უჭირდა. ფრანგმა კი, მტკიცე სიტყვისა და ელეგანტურობის ელეგანტური ნაზავით ყველაფერი დაალაგა... და „სამეფო კლუბს“ დიდი ტიტულისაკენ ყოჩაღი ნაბიჯით გაუძღვა.

ზიდანის როგორც მწვრთნელის როლს, ხაზი ტყუილად არ გავუსვით. გვახსოვს „რეალი“, რომელშიც 11-დან მინიმუმ 8 სუპერვარსკვლავი თამაშობდა, ეს დაახლოებით 2004-05-06 წლებია. იმ ფორმაციის გუნდმა 1 ტიტულიც ვერ მოიგო...

და ეს იმიტომ, რომ გასახდელში პირველობა მწვრთნელისა არ იყო, იგი ვერ ახერხებდა ამ ვარსკვლავების ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას... ზიდანმა კი ეს შეძლო. თუმცა ვერავინ დამაჯერებს, რომ იგი წმინდა სამწვრთნელო კუთხით, გნებავთ ტაქტიკური თვალსაზრისით, თავის რომელიმე ოპონენტს აღემატებოდა. ამიტომაც, ეს დიდი წარმატება კიდევ უფრო გასაკვირი და შესაბამისად, ათმაგად დასაფასებელია...

ეს მისი ავტორიტეტის, საქმისადმი მიდგომისა და ფეხბურთელთა უდიდესი თანადგომის შედეგი იყო. თანადგომის იმდენად, რამდენადაც „რეალში“ ზიდანს უბრალოდ ვერ უგანებ და სხვა გზით ვერ წახვალ... არა, წახვალ, ოღონდ „სანტიაგო ბერნაბეუდან“... აი მივედით მიზეზამდეც, რის გამოც ფლორენტინო პერესის გამართლება შეიძლება, როცა მთავარ მწვრთნელად ახალბედა ფრანგი მოყავდა...

ფინალი მოიგო იმან, რაც ასეთი მასშტაბის შეხვედრებს იგებს... კლასი!!! კლასმა და გამარჯვებულის მენტალიტეტმა, რომელიც „რეალს“ სისხლში ყველა სხვა კლუბზე დიდი დოზით აქვს...

ეს გუნდი „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალს აღარ აგებს, ზედიზედ 4 მოგებული გადამწყვეტი თამაში...

ზიდანი კი მეშვიდე ადამიანია, რომელმაც ეს გიგანტური ტურნირი ფეხბურთელმაც და მწვრთნელმაც მოიგო. ამასთანავე იგი პირველი ფრანგი „ჩემპიონთა ლიგის“ მომგები სპეციალისტია.

ეს კი საერთოდ „ზიზუს“ პირველი სამთავარმწვრთნელო ტიტულია და დაწყებაც, რა თქმა უნდა, „ზიდანური“ და „ათიანურია“...

და მაღლა, სულ მაღლა... ორმა დიდმა კაცმა სადღეგრძელო შესვა... ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს მაშინ დაიწყო... და უკვე მეთერთმეტედ"...

იდგა 1956 წელი... „რეალმა“ სანტიაგო ბერნაბეუს თავოსნობით ისტორიაში პირველი „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო... ფინალში „ბლანკოსის“ პირველი გოლი დიადმა ალფრედო დი სტეფანომ შეაგდო...

...სიმეონეც მართალია... რამდენს ახსოვს, რომელ გუნდს მოუგო მაშინ „რეალმა“?!

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები