გოგა ბითაძე - ბიჭი, რომელსაც გიგანტების წინააღმდეგ შეუძლია თამაში
Aa
Aa

გოგა ბითაძე - ბიჭი, რომელსაც გიგანტების წინააღმდეგ შეუძლია თამაში

Pacers.com-მა “ინდიანას“ ქართველი ახალწვეულის, გოგა ბითაძის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. „პეისერსის“ საიტი ჩვენებურს აქებს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

***

გოგა ბითაძის ფერადი თასმები ნუ მოგატყუებთ. 20 წლის ახალწვეული თვალსა და ხელს შუა კაცდება. მას ალბათ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ „პეისერსის“ ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ გოგას NBA-ის ისეთი გიგანტების წინააღმდეგ სათამაშოდ, როგორებიც მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი არიან, საჭირო ფიზიკური მონაცემები და ჟინი აქვს.

ვარჯიშების წინ გამართული მოთელვები ერთია, ხოლო ვარჯიშები სულ სხვა რამ გახლავთ. წინასასეზონო მატჩები საერთოდ სხვა რამ იქნება, რეგულარული სეზონი კი ყველაზე დიდ გამოწვევად მოგვევლინება. ბითაძეს ზურგს პროფესიონალურ დონეზე თამაშის გამოცდილება უმაგრებს და „ინდიანას“ მწვრთნელები და კალათბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ გოგა სამწამიანში გამართულ ბრძოლებს ღირსეულად გაუმკლავდება.

„გოგა ფიზიკურად ძალიან ძლიერია. იგი შეჯახებებს არ ერიდება და ჭიდაობა უყვარს“ - აცხადებს ჩვენებურის თანაგუნდელი, მაილს ტერნერი.

ბითაძე კვირას გამართულ ვარჯიშებში აქტიურად იყო ჩართული. გოგა „მეტოქის“ სამწამიანში აგრესიულად მოქმედებდა და რამდენჯერმე იერიში თავადაც დააგვირგვინა. ამასთან ერთად ქართველმა ცენტრმა რამდენიმე ჩატენვაც დაბლოკა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გოგა მზად იყო Trash Talk-სთვის მიემართა, „ინდიანას“ კემპის დაწყების შემდეგ ეს მეთოდი არ გამოუყენებია. იგი პირველ რაუნდში აირჩიეს, მაგრამ ბითაძემ მშვენივრად იცის მისი ადგილი სადაა.

„თანაგუნდელებთან Trash Talk-ს არასდროს ვიყენებ. სიმშვიდის შენარჩუნებაზე ვარ ორიენტირებული“.

„მე ვცდილობ მეტოქეს ყოველი სროლისას გავუწიო წინააღმდეგობა. ზოგჯერ ბურთს გადამატენიან ხოლმე, ზოგჯერ დაფარებას ვახორციელებ. ძირითადად დაფარებებს ვიფორმებ, რაც ძალიან კარგია“.

NBA-ის ტემპს ბითაძე პირველად მუმბაიში შეიგრძნობს, სადაც „საკრამენტო კინგსს“ შეერკინება. „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი, ნეით მაკმილანი ტერნერისა და საბონისის დასვენებას აპირებს და გოგა და „პეისერსის“ სხვა მაღლები ბევრ სათამაშო დროს მიიღებენ.

„ინდიანას“ ბოლო კემპის მიმდინარეობისას ბითაძემ აჩვენა, რომ პასების გაკეთება ეხერხება და დაყენებული სროლა და მოედნის კარგი ხედვა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გოგას სრულყოფილ კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი გააჩნია. მაკმილანს გოგასი სჯერა და დარწმუნებულია, რომ ქართველი NBA-ში დიდხანს დასარჩენად საჭირო პოტენციალით გამოირჩევა.

„ბითაძე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშს შესანიშნავად კითხულობს. ერთ დღეს იგი კარგი ორმხრივი მოთამაშე გახდება. გოგას ქულების მოპოვება შეუძლია, კარგი სროლა აქვს, ფართან ზურგით ჩინებულად თამაშობს, გადაცემების გაკეთება გამოსდის, ბურთის ტარებაც ეხერხება და თამაშს ბრწყინვალედ კითხულობს. 20 წლის ასაკში მას ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი აღნაგობა აქვს. გოგას, ისევე როგორც „ინდიანას“ ნათელი მომავალი აქვს“ - აცხადებს "პეისერსის" თავკაცი.

მაკმილანის პოზიციას ტერნერიც იზიარებს: „გოგა კარგი ბიჭია. მთავარია NBA-ში რამდენიმე შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ბითაძე ვარჯიშებზე მშვენივრად გამოიყურებოდა. გოგას დაფარებების განხორციელება კარგად გამოსდის და ჩინებული მსროლელია. მოკლედ ნიჭიერი ბიჭია. თანაც უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 19-20 წლის ახალგაზრდისთვის მას საკმაოდ სოლიდური აღნაგობა აქვს“.

„ვფიქრობ ამ ეტაპზე გოგა ყველაფერს კარგად ეგუება, თუმცა საჭირო გამოცდილებას NBA-ში თამაშის შემდეგ მიიღებს“.  

ბითაძე მხიარული და დაღვინებული ადამიანია. იმაზე, რომ გოგა დაღვინებული პიროვნებაა ვეტერანი კალათბურთელებისადმი მისი დამოკიდებულება მეტყველებს. ქართველი მათ პატივს სცემს და იცის, რომ გუნდის მნიშვნელოვანი წევრის სტატუსის მისაღებად გრძელი გზა აქვს გასავლელი. ბითაძის თქმით იგი უფრო აგრესიული, სწრაფი და ძლიერი უნდა გახდეს. კითხვაზე კი თუ რომელ კომპონენტში აქვს ყველაზე მეტად მოსამატებელი, გოგა სწრაფადვე გვპასუხობს - "პიკ ენდ როლის დაცვისას".

ბითაძეს მაკმილანიც ეთანხმება. „პიკ ენდ როლებისას გოგა ნამდვილი ახალწვეულივით გამოიყურება. ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მიზნის მისაღწევად მას დრო დასჭირდება“.

გოგა, რომ მხიარული ადამიანია ამაზე მისი თასმების ფერიც მეტყველებს. რატომ ვარდისფერი? „იმიტომ, რომ მოდურია“ - აცხადებს "ინდიანას" 20 წლის ცენტრი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები