Aa
Aa

ჰემილტონის ტრიუმფი! ბრიტანელი ჩემპიონობას უახლოვდება

ფორმულა ერთის მოქმედი ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი თავის მეექვსე ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ბრიტანელმა პილოტმა რუსეთის გრან პრი შესანიშნავად ჩაატარა და წლევანდელ სეზონში გამარჯვება მეცხრედ იზეიმა.

ჰემილტონის ტრიუმფი დიდწილად „მერსედესის“ ბრწყინვალე სამოქმედო გეგმის დამსახურება გახლდათ. „ვერცხლისფერმა ისარმა“ საბურავებთან დაკავშირებით მშვენიერი გათვლა გააკეთა, რამაც შედეგი გამოიღო და გერმანულმა საჯინიბომ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

რბოლის შემდეგ ჰემილტონი მიღწეული შედეგით აღფრთოვანებული გახლდათ და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „გამოწვევებს თუ გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საოცარი დღე იყო. ამ მომენტში ფერარი დომინანტია, ამიტომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა რბოლა სკუდერიას ბოლიდებზე წინ დაგვესრულებინა“.

ბრიტანელთან ერთად საუკეთესო სამეულში მისი თანაგუნდელი, ვალტერი ბოტასი და „ფერარის“ ახალგაზრდა პილოტი, შარლ ლეკლერი მოხვდნენ. მაქს ფერსტაპენმა მეოთხე პოზიცია დაიკავა. ალექსანდრ ალბონი მეხუთე ადგილს დასჯერდა. კარლოს საინსმა კი ფინიშის ხაზი მეექვსემ გადაკვეთა.

რუსეთში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ ჰემილტონმა უშუალო მდევარი 73 ქულით ჩამოიტოვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლუისის მთავარი კონკურენტი ვალტერი ბოტასი გახლავთ, წესითა და რიგით ბრიტანელს ჩემპიონობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

ცხელი ამბები