Aa
Aa

"მორაგბე, რომელიც ლექტორი უნდა ყოფილიყო" - მსოფლიო თასის საიტის ვრცელი ინტერვიუ მამუკაშვილთან

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ შალვა მამუკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც 28 წლის ქართველი განვლილი სარაგბო გზისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს გადმოქართულებულ ვერსიას:

"შალვა მამუკაშვილის ცხოვრება სხვაგვარად განვითარდებოდა, 5 წლის ასაკში ხელში რაგბის ბურთი რომ არ აეღო და მშობლიურ ქალაქ თბილისში ამ სპორტით არ დაკავებულიყო. ოჯახური ტრადიცია მას ლექტორობას უქადდა, თუმცა სანაცვლოდ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ითამაშა.

„დედა უნივერსიტეტის პროფესორია და მათემატიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ზოგადად, ჩვენს ოჯახში ბევრი მასწავლებელია - ბაბუა, ბებია, დეიდა და ბიძია სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექტორები არიან. ყველა მათგანი მათემატიკურ საგნებს ასწავლის. ჩემი უმცროსი ძმა კი ბანკში მუშაობს, რაშიც ასევე მათემატიკის კარგად ცოდნა ეხმარება“.

მამუკაშვილმა, რომელიც ფოტოზე მეუღლე სოფოსთან და შვილ ტასოსთან ერთადაა გამოსახული, ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა და სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა. საგანმანათლებლო პროცესი იქამდე გაგრძელდა, სანამ შალვას სარაგბო კარიერაზე სრულად გადართვა არ მოუწია. მან საქართველო 2014 წელს, 23 წლის ასაკში დატოვა და ინგლისურ კლუბ Sale Sharks-ს შეუერთდა.

„რაგბი ერთადერთი სპორტია, რომელიც ოდესმე მითამაშია და მუდამ „კვაჭის“ პოზიციაზე ვმოქმედებდი. ასე რომ, შერკინების ხაზის შუაში ყოფნა მიწევს. ინგლისის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯია“. - ამბობს ფორვარდი, რომლის წონაც 102 კილოგრამია.

მამუკაშვილი Glasgow Warriors-ში თამაშობდა, რომლიდანაც საფრანგეთში გადავიდა და „მონპელიეს“, “ტულონისა“ და „კარკასონის“ მაისური მოირგო, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ცხოვრებისგან უდიდესი საჩუქარი მიიღო - შვილი შეეძინა.

„ხანდახან მავიწყდება, როგორი იყო ცხოვრება იქამდე, სანამ მამა გავხდებოდი. ამ მოვლენამ ყველაფერი შეცვალა, ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.

მისი მეუღლე პროფესიონალი მხატვარია და ნამუშევრებს აბსტრაქტულ სტილში ასრულებს. სოფოს პროფესიამ გავლენა მოახდინა, რომ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების გარდა, შალვას ინტერესთა სფერო ხელოვნებითაც შეევსო.

„მას შემდეგ, რაც დავოჯახდი, ხელოვნებითაც დავინტერესდი“. - მამუკაშვილმა ისე გაიღიმა, რომ აშკარა გახდა, ამ თემაზე ყველაფერი არ თქვა.

„ჩვენ ხელოვნების მუზეუმებსა და გამოფენებზე დავდივართ, მართლაც, ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი. საყვარელი სტილი ან მხატვარი არ მყავს, თუმცა ვან გოგისა და სალვადორ დალის შემოქმედება მომწონს.

პირველად დალის ნახატი გლაზგოში ვნახე, რომელზეც ჯვარზე გაკრული იესოა გამოსახული. 30 წუთი ვიდექი და თვალი არ მომიშორებია, მართლაც გასაოცარია. ხატვა ჩემს შვილსაც უყვარს“.

2015 წლის მსოფლიო თასზე მამუკაშვილმა დაბადების დღე იმ დღეს იზეიმა, როცა საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას შეხვდა. წელს კი მისთვის ეს განსაკუთრებული თარიღი ფიჯისთან მატჩამდე 1 დღით ადრე იქნება. შალვა დაბადების დღისთვის პატარა ნამცხვარსა და ბევრ ხელის ჩამორთმევას ელოდება, მაგრამ რაგბიზე ფოკუსირების გამო, დღესასწაულს თავისი საყვარელი ვისკით ვერ აღნიშნავს.

„ფიჯისთან თამაშის შემდეგ შეიძლება აღვნიშნოთ, თუმცა ეს ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. ვისკი მიყვარს. იაპონური ვისკი კარგია, თუმცა შოტლანდიური მირჩევნია.

როცა თავისუფალი დრო მაქვს, ასევე მიყვარს ჩიტებზე ნადირობა. ცუდი მიზანი არ მაქვს, მაგრამ ჯერ მხოლოდ დამწყები ვარ“.

ახალგაზრდა მამამ სარაგბო კლუბ „ენისეიში“ მოკლე რუსული ვოიაჟი ახლახანს დაასრულა და მსოფლიო თასის შემდეგ ახალი კლუბის მოძებნას იმედოვნებს.

"ევროპაში თამაში კარგი იქნებოდა, თანაც თუ ეს ქვეყანა საქართველოსთან ახლოს იქნება, იდეალური ვარიანტია, რადგან ოჯახთან ახლოს ვიქნები. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე და შვილი ყველგან წამომყვებიან, მაგრამ, იმედია, მშობლიურ ოჯახთან სიახლოვეს ყოფნა მომიწევს“.

შეგახსენებთ, რომ შალვა მამუკაშვილმა უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ლელო დადო, თუმცა ჩვენი გუნდი 14:43 დამარცხდა.

ისტორიაში პირველად მოხდა, როცა "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტიერის ნაკრებს ერთ მატჩში 2 ლელო დაუდეს. მილტონ ჰეიგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, ურუგვაის ნაკრებთან გამართავს.

პ.ს. სტატიაში გამოყენებულია საქართველოს რაგბის კავშირის ფოტოები

ცხელი ამბები