Aa
Aa

სკალონი: "მესი საუკეთესო იქნება იქამდე, სანამ ეს თავად ენდომება"

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი, პრესას ლიონელ მესის შესახებ ესაუბრა. 41 წლის სპეციალისტის თქმით, მესის შეუძლია, საუკეთესო იყოს იქამდე, სანამ ეს თავად ენდომება.

„ნორმალურია, რომ მესიმ The Best-ის ჯილდო მოიგო, რადგან ის მართლაც საუკეთესოა. იგი საუკეთესო იქნება იქამდე, სანამ ეს თავად ენდომება, ამისთვის მას ყველანაირი შესაძლებლობა და ფიზიკური მონაცემები აქვს.

ის მაგიური მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია, მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს, ეს კი ყველასგან დაფასებული უნდა იყოს, რადგან მისნაირი სხვა არავინაა.

რაც შეეხება მის სანაკრებო ამბებს, ვიცით, რომ ახლა დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა გუნდის წევრია და თანაგუნდელებთან შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. იმედია, ის მალე „ალბისელესტეს“ ქომაგებსაც გაახარებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

არგენტინის ნაკრებს ტიტული 1993 წლის შემდეგ არ მოუგია, სკალონი კი ეცდება, რომ გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანოს და სანუკვარი თასი მოაგებინოს. მას ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ბოლომდე გაუფორმა.

აქვე დავამატოთ, რომ მესიმ ლა ლიგის გუშინდელ მატჩში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა. „ლა პულგას“ სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება.

ერნესტო ვალვერდეს თქმით, მან მესი ზედმეტი რისკისგან თავის ასარიდებლად შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები