Aa
Aa

"ცენტრალურ მცველებზე ვტიროდი" - ჟოზემ "იუნაიტედი" გააკრიტიკა

„ვესტ ჰემთან“ ჩატარებული მორიგი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მისი ყოფილი კლუბი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააკრიტიკა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ გასულ სეზონთან მიმართებით გუნდს პროგრესი არ განუცდია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი „წითელ ეშმაკთა“ დაცვის ცენტრია.

„აქ საუბარი არაა, 1 მილიონით მეტს გადაიხდი, თუ ორი მილიონით ნაკლებს, მთავარია, კონკრეტულ მომენტში იყიდო ფეხბურთელი, რომელიც გჭირდება. ვფიქრობ, მაგუაიერი რომ არ ეყიდათ, დღეს ლინდელიოფი და ფილ ჯოუნსი ითამაშებდნენ, მაგუაიერი-ლინდელიოფის წყვილი კი სრულიად განსხვავებული სურათია.

ლინდელიოფი გარკვეულ ასპექტებში ძალიან კარგია, თუმცა იგი დღეს საჯარიმოში რამდენჯერმე დაარბიეს და უშანსოდ დატოვეს, განსაკუთრებით ცუდად კი მეორე სართულზე გამოიყურებოდა.

მაგუაიერს ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, მართალია, ყველაზე სწრაფი მცველი არაა, მაგრამ საკმაოდ მოძრავია და კარგად პოზიციონირებს.

თუმცა მთავარი სხვა რამეა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი წყვილი ითამაშებს დაცვის ცენტრში, რადგან ამ პოზიციაზე გასულ სეზონთან მიმართებით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. იდიოტი ნამდვილად არ ვიყავი, წინა სეზონის დაწყებამდე ცენტრალური მცველის დამატებაზე რომ ვტიროდი“.

მოურინიოს ამ კომენტარის შესახებ ოლე-გუნარ სულშერს პრესკონფერენციისას ჰკითხეს, რაზეც ნორვეგიელმა განაცხადა, რომ ჟოზე მართალია.

მოურინიო „იუნაიტედიდან“ გასული წლის 18 დეკემბერს გაუშვეს, მას შემდეგ კი პერიოდულად ბრიტანულ ტელეარხებთან თანამშრომლობს და მატჩებს მიმოიხილავს.

მანჩესტერელებმა „ვესტ ჰემთან“ 0:2 წააგეს და პრემიერ ლიგის 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვთ და ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები