საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დააკავეს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დააკავეს

ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და შემდეგ მისი ექსტრადირება ვენაში განხორციელდა. ინფორმაციას ავსტრიული oe24 ავრცელებს. 

ზაიზენბახერი მაშინ დააკავეს, როცა უკრაინიდან პოლონეთში გადასვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება.

ავსტრიული მედიის ცნობით 1997-2004 წლებში, როცა ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა, სამი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სექსუალურად იძალადა.

59 წლის ავსტრიელს, რომელიც პედოფილიაშია ბრალდებული, 1-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზაიზენბახერი -86 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მან 1984 წლის ლოს ანჯელესისა და 1988 წლის სეულის ოლიმპიადებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე, 1985 წელს სეულში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 1986 წელს ბელგრადში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული.

ავსტრიელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2010-12 წლებში ხელმძღვანელობდა.

ცხელი ამბები