ცუკიოტოში - მე-3 გამარჯვება! ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე დაამარცხა!
Aa
Aa

ცუკიოტოში - მე-3 გამარჯვება! ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე დაამარცხა!

ტოკიოში მიმდინარე „აკი ბაშოს“ მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი მისთვის ერთ-ერთ მთავარ უხერხულ მეტოქეს მე-4 მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

„ტოჩი“ დოჰიოზე კარგად მოძრაობდა და უპირატესობას პირველივე კონტაქტის შემდეგ დაეუფლა, რის შემდეგაც მეტოქის დაქნევა აღარ გასჭირვებია. ამრიგად, გორგაძეს ბალანსი 3-5-ზე აქვს.

 

დღევანდელ დაპირისპირებამდე ლევანი შოდაის 14-ჯერ შეხვდა და 8 მარცხი იწვნია. იაპონელმა ბოლო 7 ორთაბრძოლებიდან 6-ის მოგება შეძლო.

ბაშოს მე-9 დღეს ლევან გორგაძე კომოსუბი შოტა ენდოს შეერკინება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4-6 მარცხდება.

ენდო „აკი ბაშოზე“ დამაჯერებლად ასპარეზობს და მოგება-წაგებათა ბალანსი 6-2-ზე აქვს.

თუ, მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინი 8 ბრძოლას ვერ მოიგებს, ის დროებით ოძეკის წოდებას დაკარგავს და მომდევნო ბაშოზე მის დასაბრუნებლად 10 ბრძოლის მოგება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკობას დაემშვიდობება.

P.S. დღეს ტრავმის გამო ტურნირს მეორე იოკოძუნაც, კაკურიუც ჩაეხსნა.

ცხელი ამბები