Aa
Aa

ქართული ფინალი გრიგალაშვილის სასარგებლოდ! - სუპერწარმატებული დღე ევროპირველობაზე!

ფინეთში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა - ტატო გრიგალაშვილი ვლადიმერ ახალკაცს დაუპირისპირდა.

შეხვედრა მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, ოდნავ უფრო მეტად კი გრიგალაშვილი აქტიურობდა, რომელმაც მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, რასაც დაპირისპირების დამთავრებამდე 12 წამით ადრე სუფთა გდება მიაყოლა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს დაეუფლა. შედეგად, ვანტააში მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს ჰიმნი უკვე მესამედ აღჟერდა!

ჩვენს ქვეყანას დღეს კიდევ ერთი მედალი მარიამ ჭანტურიამ მოუტანა, რომელმაც 70 კგ.-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და ნახევარფინალში მარცხის მიუხედავად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელ სიია კოკთან იმარჯვა.

საერთო ჯამში, ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ორი დღის შედეგებით, საქართველოს ნაკრების აქტივში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენს გუნდს უმაღლესი სინჯის მედლები გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანეს. ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ოქრო დაისაკუთრა.

ცხელი ამბები