მსოფლიო ჩემპიონატი - ზედრამატული ჯახი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ზედრამატული ჯახი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა!

დღეს თბილისის დროით 12:00-ზე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურმა ეტაპმა აიღო სტარტი და პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორც ნახევარფინალს შეეფერება. გუნდებმა ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად მაქსიმუმზე მეტი გააკეთეს.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებითი ხუთწუთეული ძალიან დრამატულ და დაძაბულ სტილში წარიმართა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საფინალო სირენის შემდეგ ანგარიში კვლავ თანაბარი იყო და ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კიდევ ერთი ოვერტაიმი იხილა.

მეორე ოვერტაიმში ესპანეთი აშკარა უპირატესობას ფლობდა. „ფურია როხას“ სერხიო ლულმა ულიდერა, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და 2 წუთით ადრე თავისი ნაკრები წინ 8 ქულით გაიყვანა! დარჩენილ დროში ავსტრალიამ მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ 88-95 დამარცხდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მარკ გასოლი გახდა. „ტორონტოს“ კალათბურთელმა აქტივში 33 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა. რიკი რუბიო 19 ქულას და 12 ასისტს დასჯერდა. სერხიო ლული კი 17 ქულით გამოირჩა.

ავსტრალიას 32 ქულით პატი მილსმა ულიდერა. ნიკ კეიმ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 18 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა. ენდრიუ ბოგუტმა კი მატჩი 12 ქულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები