ვიდიჩი მესის, სუარესისა და აგუეროს შესახებ
Aa
Aa

ვიდიჩი მესის, სუარესისა და აგუეროს შესახებ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა სერხიო აგუეროს, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

სერბმა უკანახაზელმა „ოლდ ტრაფორდზე“ 8 სეზონი გაატარა და ამ პერიოდში ბევრი მრისხანე ფორვარდის შეჩერება მოუწია. პრემიერ ლიგაში ვიდიჩი სერხიო აგუეროს დაუპირისპირდა და როგორც The Athletic-თან საუბრისას იხსენებს სამხრეთ ამერიკელის შეჩერება ძალიან გაუჭირდა.

„მოედანზე ყოფნისას აგუერო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ფეხბურთი არ აინტერესებს. იგი ნამდვილად არ ჰგავს ადამიანს, რომელიც 10 მეტრს გაირბენს. თუმცა შემდეგ ბუმ და უეცრად აჩქარდება“.

„დარწმუნებული ვარ აგუერო მცველად დაიბადა. მან ზუსტად იცის ბურთი სად აღმოჩნდება და როგორ უნდა შეუტიოს. აგუეროს შეუძლია მიმართულება სწრაფად შეცვალოს, რაც დიდი გაბარიტების მქონე ინგლისელი უკანახაზელების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია“.

„აგუეროს დარტყმის განსახორციელებლად დიდი დრო არ სჭირდება. მას გამოზომილი დარტყმა აქვს, დრიბლინგიც კარგად გამოსდის და გოლების საჯარიმო მოედნის გარედან გატანა შეუძლია. აგუეროს წინააღმდეგ მაშინ ვიასპარეზე, როცა სიტისთან 4-1 დავმარცხდით. ის შეხვედრა ჩემთვის იუნაიტედის მაისურით ჩატარებული ყველაზე ცუდი მატჩი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგებული შეხვედრებიც საშინელება იყო. რომში... და განსაკუთრებით უემბლიზე“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიდიჩი და კომპანია ლიონელ მესის დაუპირისპირდნენ. სერბი უკანახაზელის აზრით არგენტინელი ფეხბურთელის სათამაშო სტილზე პეპ გუარდიოლამ დიდი გავლენა იქონია.

„გუარდიოლამ მესის სათამაშო სტილი შეცვალა. ლეო მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა და ძირითადად ცენტრისკენ შეჭრების განხორციელებაზე გახლდათ ორიენტირებული. მესი სახიფათო, მაგრამ პროგნოზირებადი იყო“.

„გუარდიოლამ იგი ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანა და ლეო უკეთესი ფეხბურთელი გახდა. მესი ცენტრიდან უტევდა, ფლანგებზე კი გარემარბები იხსნებოდნენ, რაც მცველებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მესის წინააღმდეგ ორჯერ ვიასპარეზე და ორივეჯერ დავმარცხდი“.

„2009-ში კარგი გუნდი გვყავდა და უკეთ თამაში შეგვეძლო. ბარსელონას ჩვენი უფრო ეშინოდა, ვიდრე ჩვენ მათი. მანჩესტერის დამარცხებამ ბარსას თავდაჯერებულობა შესძინა. რომში მოპოვებული გამარჯვება გუარდიოლას ბარსელონასთვის უმნიშვნელოვანესი იყო“.

„ბლაუგრანას“ კიდევ ერთი სუპერვარსკლავი, რომელსაც ვიდიჩი პრემიერ ლიგაში გადაეყარა, ლუის სუარესი გახლავთ. The Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვიდიჩმა ურუგვაელზეც ისაუბრა და აღნიშნა: „სუარესი ენერგიული ფეხბურთელია. იგი აგუეროსგან, რომელიც 90 წუთს არ დარბის, ძალიან განსხვავდება. სუარესი გახლავთ მოთამაშე, რომელიც ინსტიქტზეა დამოკიდებული“.

„ლუისი ძალიან სწრაფად მოქმედებს. ჩემი აზრით მან ზუსტად არ იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მიუხედავად ამისა მიზანს ყოველთვის აღწევს“.

„უკანახაზელებს ბურთი ფეხებს შორის უძვრებათ და ხალხს ეს შემთხვევითობა ჰგონია, არადა ყველაფერი სუარესის დამსახურებაა".

„სუარესი შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთელია და გოლის გატანის წყურვილი კლავს. იგი 90 წუთის განმავლობაში დარბის. მატჩის მიმდინარეობისას მასში ცეცხლი გიზგიზებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები