Aa
Aa

"ის ამისთვის არაფერს აკეთებს" - მორგანმა რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა

ქალთა შორის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ალექს მორგანი, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ პრესას ესაუბრა და პორტუგალიელი უარყოფით კონტექსტში მოიხსენია.

გამოცემა Sports Illustrated-სთვის მიცემულ ინტერვიუში მორგანს ქალთა უფლებების შესახებ ჰკითხეს, ამერიკელმა ვარსკვლავმა კი აღნიშნა, რომ რონალდუ ამ კუთხით არაფერს აკეთებს და ეს მისი მასშტაბის სპორტული ავტორიტეტის მხრიდან არცთუ კარგი საქციელია.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დაუცველი ქალების მიმართ მხარდაჭერა გავაგრძელოთ, ისინი ამას ნამდვილად საჭიროებენ.

რონალდუ ერთადერთი პიროვნება არაა, ვინც ასე იქცევა, თუმცა მისი მასშტაბის ვარსკვლავისგან ასეთი მიდგომა, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არაა.

თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს და მოედანზე გატარებული დროით ხალხს სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, როგორი პიროვნებაა და სტადიონს მიღმა რა შეიძლება გააკეთოს.

არ მგონია, მილანში გასამართი დაჯილდოების ცერემონიისას მას განსხვავებულად მივუდგე, ვიდრე იქ მყოფ სხვა ადამიანებს“.

ალექს მორგანი ზაფხულში ამერიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ოდნავ მოგვიანებით კი იგი ფიფა-ს წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინანტთა სამეულში მოხვდა.

როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 23 სექტემბერს, მილანში გამოვლინდება. მორგანის კონკურენტები თანამემამულე მეგან რაპინო და ინგლისელი მცველი - ლუსი ბრონზი არიან, მამაკაცებში კი საუკეთესოს წოდებისთვის რონალდუ, მესი და ვან დეიკი იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები