ჰელვეგი კალაძეზე: ''ეს იყო მტკივნეული საკითხი და მას ფსიქოლოგთა დახმარება დასჭირდა''
Aa
Aa

ჰელვეგი კალაძეზე: ''ეს იყო მტკივნეული საკითხი და მას ფსიქოლოგთა დახმარება დასჭირდა''

დანიურ მედიაში კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელის, ტომას ჰელვეგის კომენტარი გავრცელდა. სკანდინავიელი ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენთან ერთად ''მილანში'' თამაშობდა, ლევან კალაძის გატაცების პერიოდს იხსენებს. ჰელვეგი დანიურ ვებგვერდ dr.dk-ს ესაუბრა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, დანია - საქართველო 6:1. ფოტოზე გუნდის კაპიტნები: ტომას ჰელვეგი და კახა კალაძე

ტომას ჰელვეგი: ''ჩვენ არ ვსაუბრობდით ამ თემაზე გასახდელში, რადგან არ გვინდოდა კახასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. თუ მას უნდოდა ამ თემაზე საუბარი, რა თქმა უნდა მაშინ ვსაუბრობდით ხოლმე.

''მილანში'' მუშაობდნენ ფსიქოლოგები, იმ პერიოდში კალაძე მათთან გარკვეულ დროს ატარებდა და შემდეგ აძლევდნენ სახლში წასვლის საშუალებას, როცა ეს ფეხბურთლისთვის საჭირო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ კალაძის ოჯახმა გამტაცებლებს 4 მილიონი გადაუხადა (გულისხმობს დანიურ კრონის ექვივალენტს), საბოლოოდ კახას უმცროსი ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

კალაძის როგორც ფეხბურთელის სიძლიერე მის მრავალმხრივობაში გამოიხატებოდა. მას რამდენიმე პოზიციაზე თამაშის უნარი ჰქონდა. ''მილანის'' დაცვა ძალიან ძლიერი იყო და სასტარტოში მოხვედრა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა კალაძეს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეეძლო და სწორედ ამის გამო შემდგომში რეგულარულად თამაშობდა.''

დანიური მედია კალაძის პოლიტიკურ კარიერაზეც წერს. ჰელვეგთან ინტერვიუს ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდა გავლენიან პოლიტიკოსად იქცა და ამჟამად თბილისის მერის თანამდებობაზე მოღვაწეობს.

კახა კალაძე ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. კალაძე ''მილანის'' ''დიდების დარბაზის'' წევრია. ჰელვეგი ''მილანში'' 1998-2003 წლებში გამოდიოდა. დანიელი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ 2003 წლის ზაფხულში თანაქალაქელი ''ინტერის'' მოთამაშე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები