ტომასონი:''მახსოვს თბილისში 2 გოლი გავიტანე... იოლი თამაში არ გველის''
Aa
Aa

ტომასონი:''მახსოვს თბილისში 2 გოლი გავიტანე... იოლი თამაში არ გველის''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში დანიის ეროვნული ნაკრები სტუმრად საქართველოს შეხვდება. მატჩამდე სკანდინავიელთა მწვრთნელმა იონ დალ ტომასონმა პრესკონფერენცია ''დინამო არენაზე'' გამართა.

თბილისში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დანიელთა მთავარი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე არ იმყოფება.

იონ დალ ტომასონი:''მოხარული ვარ, რომ კვლავ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. 15 წლის წინ საქართველოში 2 გოლი გავიტანე. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი ასევე წარმატებული გამოვა. საქართველოს ნაკრებთან თამაში არ იქნება იოლი. ზოგადად გასვლითი მატჩი არ არის იოლი. ჩვენი ყველა მოთამაშე მოედანზე გამოსასვლელად მზადაა.''

 - რას ელით საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრების მხრიდან?

- ზოგადად სახლში ჩვენი ნაკრები ძალიან ძლიერია. სტუმრად თამაში გაცილებით რთულია. მაგალითად შვეიცარიასთან საქართველომ შინ კარგად ითამაშა. იოლი თამაშის მოლოდინი არ გვაქვს.

- მთავარი მწვრთნელის, ოგე ჰარეიდეს გარეშე თამაშისთვის რამდენად მზად ხართ?

- ეს ჩემთვის განსხვავებული ვითარებაა, რადგან მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე არ ვმუშაობ, თუმცა მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ჰარეიდეს არყოფნა პრობლემებს არ შეგვიქმნის.

- რამდენად კარგად მიდის ''ჰოფენჰაიმის'' ახალწვეულის, რობერტ სკოვის ადაპტაციის პროცესი ეროვნულ ნაკრებში და თუ ხედავთ მასში ლიდერისთვის საჭირო თვისებებს?

- სკოვი შედარებით წყნარი პიროვნებაა, ჩვენ მისი გვჯერა. მან ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, გასულ შეხვედრაში გოლიც შეაგდო. ის ბევრს შრომობს, გასულ ზაფხულში ''კოპენჰაგენიდან'' გადავიდა ''ჰოფენჰაიმში.'' მასზე იმედებს ვამყარებთ.

დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, იონ დალ ტომასონი 2004 წელს თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების კარში 2 გოლი შეაგდო. აღნიშნული მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გაიმართა. აღნიშნულ ციკლში ტომასონმა საქართველოს დანიაშიც გაუტანა და მატჩი სკანდინავიელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა.

ტომასონი ''ნიუკასლში'' თემურ ქეცბაიას თანაგუნდელი იყო, შემდგომში კი კახა კალაძესთან ერთად ''მილანში'' ასპარეზობდა. ასევე, მწვრთნელის რანგში ტომასონი ''ვიტესში'' გურამ კაშიასთან მუშაობდა.

საქართველოსა და დანიის ნაკრებთა დაპირისპირება 7 სექტემბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები