ვაისი:''კორეასთან მოგება შეგვეძლო, დანიასთან ცვლილებებს ვგეგმავ''
Aa
Aa

ვაისი:''კორეასთან მოგება შეგვეძლო, დანიასთან ცვლილებებს ვგეგმავ''

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართა. სტამბულში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

ვლადიმირ ვაისი:“ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.

მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.

დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.

კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.



კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა."

ზუკა დავითაშვილი: “კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით.

რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ.”

შეგახსენებთ, ევროპის 2020 წლის შესარჩევ ციკლში ვაისის გუნდი მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს დანიის წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები