Aa
Aa

მარადონამ "ხიმნასია ლა პლატა" ჩაიბარა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდა. „ფეხბურთის ღმერთმა“ „ხიმნასია ლა პლატას“ თავკაცის პოსტი ჩაიბარა. მარადონამ დარიო ორტისი შეცვალა და კლუბს საკუთარი მომავალი ერთი წლით დაუკავშირა.

„ელ ლობომ“ სეზონი ცუდად გახსნა და 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. „ხიმნასია ლა პლატა“ 24 გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა მარადონა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

არგენტინული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების შემდეგ, მარადონამ თავისი სიხარული გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „როგორც იქნა ყველაფერი გაოფიციალურდა. მიხარია ხიმნასიას ახალი მთავარი მწვრთნელი რომ გავხდი“.

„მინდა კლუბის პრეზიდენტს, გაბრიელ პელეგრინოს ბოძებული შანსისთვის მადლობა გადავუხადო. მსურს ხიმნასიას ქომაგებს ვუთხრა, რომ „ელ ლობოსთვის“ ყველაფერს გავაკეთებ და თავდაუზოგავად ვიშრომებ. ყველას გეხუტებით და დიდი მადლობა თქვენ“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები